ჩვენი შრომისუნარიანი მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ, მათ ადგილს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იკავებენ - ევროოპტიმისტები

პუბლიკა

საპარლამენტო ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ აცხადებენ, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობა ქვეყანას ტოვებს და მათ ადგილს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იკავებენ.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ გასულ წელს საზღვარგარეთ დარჩა საქართველოს 46 397-ით მეტი მოქალაქე, ვიდრე დაბრუნდა.

მისი შეფასებით, ეს ყველაზე მაღალი მიგრაციის უარყოფითი სალდოა ბოლო 22 წლის განმავლობაში.

„საქართველოს მოქალაქე, შეიძლება ითქვას, გაქრა ამ ქვეყნიდან და როდის დაბრუნდება ან საერთოდ დაბრუნდება თუ არა, არავინ იცის.

…2021 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 40 825 იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის უარყოფითმა სალდომ 87 222 შეადგინა, რაც მეტია, ვიდრე გორისა და ზუგდიდის მოსახლეობა ერთად აღებული. მხოლოდ გასულ წელს 101 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად, აქედან 62 ათასი რუსეთის მოქალაქე.

უნდა შემუშავდეს დემოგრაფიული პოლიტიკა… ამ კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოში შარშან შემოვიდა რუსეთის 62 304 მოქალაქე, გავიდა 5 935, დარჩა 53 369 მოქალაქე.