საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების 9-დან 11-მდე გაზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად ჩამოყალიბებას.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში გატარებული ცვლილებები თავდაპირველად სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის 9-დან 11-მდე გაზრდას, სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვას, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილების ვადების გაზრდასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების აჭარის ტელევიზიაში დასაქმებას ითვალისწინებდა.
მოგვიანებით, კანონპროექტში შევიდა ცვლილებები, რომლებიც, ზემოთ ხსენებულ პრობლემურ საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმებას.
„აღნიშნული კი არსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწყობის პრინციპებს ეწინააღმდეგება და აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივ მაუწყებელს უქვემდებარებს.
ამასთან, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის 9-დან 11-მდე გაზრდით, მმართველ პარტიას ეყოლება მის მიერ დასახელებული უმრავლესობა სამეურვეო საბჭოში, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად ჩამოყალიბებას.
პრობლემურია განხილვის პროცესიც. მეორე მოსმენამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა მრჩეველთა საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით. კანონის მიღება მოხდა სწრაფად და საზოგადოებას არ ჰქონია შესაძლებლობა, ჩართულიყო შეცვლილი კანონპროექტის განხილვაში“, – ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებს.
დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. ცვლილებებს 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 7.