საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით რუსეთის ფედერაცია განაგრძობდა „ჰიბრიდული ომის“ სხვადასხვა კომპონენტის, ასევე უკანონო დაკავებების, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელ სხვა აქტივობებს.
„2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 13 პირი, მათ შორის, საყურადღებოა ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი. ასევე, დაფიქსირდა ეთნიკური ქართველების „გამოკითხვაზე“ დაბარების, დაშინებისა და შევიწროების შემთვევები, “- ნათქვამია ანგარიშში.
სუსის ცნობით, გასული წლის ბოლოს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 9 მოქალაქე იმყოფებოდა. ასევე, უკანონო პატიმრობაში რჩებოდნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებსაც თავისუფლება უკანონოდ რამდენიმე წელი აღუკვეთეს, მათ შორის, ირაკლი ბებუა.
სუსში ამბობენ, რომ საოკუპაციო ძალა ხანგრძლივი უკანონო დაკავებებით ჰუმანიტარულ კრიზისს ხელოვნურად ქმნის და ცდილობს, ამ ინსტრუმენტით საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელოს.
„საოკუპაციო რეჟიმების უკანონო პატიმრობაში დაღუპული ირაკლი კვარცხელიასა და დავით ბაშარულის, ასევე, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვლისა და გიგა ოთხოზორიას საქმეებზე სამართლის აღსრულება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, რაც ოკუპირებილ რეგიონებში დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს, “- ამბობენ სუსში.
ასევე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალა აქტიურად განაგრძობდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.
„2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 69, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 9 შემთხვევა. უკანონო აქტივობები გამოიხატა, როგორც ახალი მავთულხლართების გავლებაში, ე.წ. ხანძარსაწინაღმდეგო ხნულებისა და მავთულხლართების მოწყობაში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუაშაგოების უკანონოდ აღმართვაში. დაფიქსირდა საოკუპაციოს ხაზზე ვიდეოკამერების დაყენების ფაქტებიც, “- წერია ანგარიშში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამ ანგარიშს ხვალ, 7 ივლისს, პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.