5 ივლისს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ღირსეული შრომის პლატფორმასთან თანამშრომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სარჩელი, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებული ინსპექტირებების შესახებ სრული ინფორმაციის მოთხოვნით, – ამის შესახებ განცხადებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.
ორგანიზაციის შეფასებით, ინსპექციის მიერ შემოწმებული ობიექტების შესახებ ინფორმაციის დამალვა მკვეთრად აუარესებს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის სტანდარტს და უარყოფითად აისახება ქვეყანაში შრომის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე.
„სასამართლოში წარდგენილი სარჩელის საფუძველი გახდა, შრომის ინსპექციის სამსახურის გადაწყვეტილება, ინსპექტირების საქმის წარმოების მასალებში, მათ შორის, ინსპექტირების ანგარიშებში დაეშტრიხა ინფორმაცია შემოწმებული საწარმოების შესახებ, ისე რომ, დოკუმენტაციიდან არ ირკვევა, თუ რომელ საწარმოში რა დარღვევა დადგინდა. როგორც ოფიციალური კორესპონდენციიდან ირკვევა, შრომის ინსპექციის სამსახური ამ ინფორმაციის დაფარვის სამართლებრივ საფუძვლად მოიაზრებს „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად, „შრომის ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა”.
შრომის ინსპექციის შემთხვევაში ინფორმაციის დახურვა უკიდურესად პრობლემურია შრომის უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც. შრომის უფლებების დარღვევისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ისედაც შედარებით უმნიშვნელო ჯარიმების ფონზე, დამრღვევი კომპანიების ვინაობის დაფარვა გაუმართლებელ პრაქტიკად უნდა მივიჩნიოთ, რომელიც ხელს უშლის კომპანიებში პასუხისმგებლიანი ქცევის დამკვიდრებას და, რაც მთავარია, ძირს უთხრის შრომის ინსპექციის მანდატის პრევენციულ ფუნქციას“, – წერია განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აცხადებენ, რომ შრომის ინსპექციის სამსახური მუხლს [„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლს] მცდარი ინტერპრეტაციით საჯარო ინფორმაციის გაცემის შეზღუდვის საფუძვლად იყენებს, მაშინ, როდესაც მისი მოვალეობაა, დაიცვას დასაქმებულების ინტერესები და, ამავე დროს, შეზღუდოს საჯარო მოხელეების მიერ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას მიღებული ინფორმაციის არაპროფესიულ კონტექსტში გამჟღავნება.
ორგანიზაციის შეფასებით, შრომის ინსპექციის ბოლოდროინდელი პრაქტიკა თანხვედრაშია ბოლო წლებში საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მკვეთრად გაუარესების ტენდენციასთან. მათი თქმით, როგორც IDFI-ს კვლევამ აჩვენა, გასულ წელს ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ მოთხოვნებზე პასუხების პროცენტული წილი წინა წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა და 58% შეადგინა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” შრომის ინსპექციის საქმიანობის მარეგულირებელი წესის შესახებ, რომელიც ამ უწყებას ინსპექტირების ანგარიშების დახურვის შესაძლებლობას აძლევდა, საკონსტიტუციო დავა ჯერ კიდევ 2017 წელს მოიგო. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მთავრობის დადგენილების ის ნორმა, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ანგარიშებისა და დასკვნების არასაჯაროდ მიჩნევის შესაძლებლობას იძლეოდა.