როცა დანიელ დეფო თავის „შავი ჭირის დღიურებში” თხრობას იწყებდა, შესავალში, სანამ მშობლიურ ქალაქს მიადგებოდა, ამბობდა, ჩვენამდე ჰოლანდიაში გამოჩნდა შავი ჭირი, რომელიც ან იტალიიდან შევიდოდა ამ ქვეყანაში თურქული გემებით, ანდა ლევანტიდანო და 60 წლის წინანდელი მოვლენების შესახებ დასძენდა: „გაზეთები იმ დროში ჯერ კიდევ არ გამოიცემოდა”.
თანამედროვე ყურისთვის ეს სიტყვები მკვეთრად მოისმის, რადგან ახლა, 2020 წლის პანდემიას სწორედ მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით ვადევნებთ თვალს. ფეისბუკზე ბევრი ხუმრობს კიდეც პანდემიაზე. შიგადაშიგ ვხუმრობ მეც. ხან რას მოვიფიქრებთ თავის გასამხნევებლად და ხან რას. თუმცა, როგორც ედგარ პოს მოთხრობაშია, „წითელი სიკვდილის ნიღაბი”, ყველაზე თავქარიანი კაცის გულშიცაა რაღაც სიმი, რომელსაც ვერ შეეხები. შეიძლება სიკვდილს პირში დასცინოს, მაგრამ რაც არ უნდა თავზეხელაღებული იყოს, მასაც „აქვს ჩაწნული სულში რაღაც ისეთი, რასაც ვერ გაეხუმრები”. მათაც კი რაღაც აგიჟებს და აშინებს. სწორედ ასე აღშფოთდება უფლისწული პროსპერო შავ ჭირზე დაწერილ ამ ერთ-ერთ საუკეთესო მოთხრობაში.
პროსპერო გაგანია ჭირიანობაში დღესასწაულს მართავს, ყველა მორთულია, თამაშობენ ჭირიანობას, და სწორედ აქ გამოჩნდება უცხო სტუმარი, ვინც მთელს წვეულებას აოცებს და აშინებს და ვის ტანისამოსსა და მიხრა-მოხრაშიც არ ჩანს არც მათნაირი გონებამახვილობა, არცა ხალისი. და ეკვეთება დაუპატიჟებელ სტუმარს მრისხანებითა და სირცხვილით თვალდაბნელებული პროსპერო და მალე უსულოდ ეცემა. ბოლოს უცხოს ნიღაბს მოხსნიან და აღმოჩნება, რომ მის მიღმა სიცარიელეა, არანაირი ხორციელი არსება, რომ თავად წითელი სიკვდილი ეწვია მხიარულ იზოლაციაში მყოფ მოზეიმეებს.
შავი ჭირი რომ ლიტერატურის საყვარელი თემაა, ყველამ ვიცით. „ილიადაში” აპოლონმა რომ მოუვლინა აქაველთა მხედრობას ეს უბედურება და „გაწყდა ხალხი”, იქიდან მოყოლებული არ შეჩერებულა „გაწყვეტის” ეს ნაკადი. სოფოკლეს „ოიდიპოს მეფის” შემდეგ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ლუკრეციუსის მიერ აღწერილი ჭირი ათენში, მის დიად თხზულებაში „საგანთა ბუნებისათვის”. სრულიად გიჟური, სამედიცინო სიზუსტისა და წარმოუდგენელი პოეტური სიძლიერის მქონე სტრიქონები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა სიმპტომი და მოცემულია დაავადების უზუსტესი, თუნდაც ხშირად წარმოსახვითი სურათი (წიგნი მეექვსე, 1090–დან), რომელიც პანტელეიმონ ბერაძის ბრწყინვალე, გაანკარებულ თარგმანში ასე ჟღერს:
“პირველად მისგან თავს იპყრობდა უზომო სიცხე,
ორთავე თვალიც წითლდებოდა, ცეცხლებრ ელავდა,
ჩაშავებულსა ყელის სიღრმეს სდიოდა სისხლი
და გზები ხმისა იარებით ვიწროვდებოდა.
აზრის მოციქულს – ენას სისხლი სდიოდა სქელი,
მოდუნებული ძლივს იძვროდა, ხაოს იდებდა”.
200 სტრიქონზე გაშლილი ეს საოცარი აღწერა დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, თან შეგახსენებთ, ეს ეპიზოდი წიგნის დასასრულსაა, მისი ფინალია.
კიდევ ბევრი რამე გაგვახსენდება – თუკიდიდე თუ ბოკაჩოს „დეკამერონი”, ჯეფრი ჩოსერი, მერი შელი, დეფო, კამიუს „შავი ჭირი”, ჩვენს დროში კი ჟოზე სარამაგუს „სიბრმავე”. მოდით, ცოტათი ჩავუღრმავდეთ თემას. გადავშალოთ დაფანქრული წიგნები.
მარგერიტ იურსენარის რომანში L’Œuvre au noir ჭირს ალქიმიკოსები მკურნალობენ. სხვათა შორის, ეს რთულად სათარგმნი სათაური, L’Œuvre au noir, თითქმის ყველა ენაზე არაპირდაპირ, სულ სხვა სიტყვებითაა გადმოტანილი. L’Œuvre au noir ალქიმიური ტერმინია და სიტყვა-სიტყვით „შავ საქმეს”, „შავ ქმედებას” ნიშნავს. ინგლისურ ენაზე ორი ვარიანტი არსებობს, The Abyss და Zeno of Bruges, რუსულად Философский камень ჰქვია, ქართველმა მთარგმნელმა თამარ აბრამიშვილმა კი „მოგვი მკურნალი” დაარქვა.
უკურნებელი სენის აჩრდილი მთელი რომანის მანძილზე ჩნდება. პირველი ჩენა კი კიოლნშია, როცა შავი ჭირი „დედოფალივით ზარების გუგუნით შემობრძანდა ბოჰემიიდან გერმანიაში. შავი ქალბატონი წინ ნელა მოიწევდა და მის გამოჩენაზე ეკლესიაში ზარებს არისხებდნენ. იგი თავს ადგა მოქეიფეთა სასმისს, სულს უბერავდა წიგნებში ჩაფლულ სწავლულთა სანთელს, წირვაზე სტიქაროსანივით ატუზვოდა გვერდით მოძღვარს, რწყილივით იმალებოდა სიძვის დიაცთა პერანგებში და ყველას ცხოვრებაში შეჰქონდა ერთობის უჩვეულო ელემენტი”.
აქ ცოდვასავით ეშინიათ ჭირის, ხოლო ამ შავი სენის მკურნალები იძულებულნი არიან ჩვეულებრივ ავადმყოფებთან სიარულს თავი ანებონ. ზოგი მდიდრდება ჭირიანობისას, სხვა კი პირიქით, თავის მემკვიდრეს კარგავს. დაავადება ხანდახან განკურნების სურვილსაც კი უკლავს ზენონს, რომანის მთავარ გმირს.
მარკესის რომანში „სიყვარული ჟამიანობის დროს” დენთის სუნით ებრძვიან ქოლერას. გარნიზონის ციხესიმაგრიდან ყოველ 4 საათში ერთხელ ისვრიან ზარბაზანს იმის რწმენით, რომ დენთი ჰაერს გაასუფთავებს.
ამ რომანში არავინაა, ვინც მსხვერპლთა რაოდენობას დაადგენდა, რის მიზეზადაც მთხრობელი ადამიანთა ჩვევას მიიჩნევს. ამ ჩვევას ჰქვია საკუთარი უბედურებისადმი შიში. აქაური მკურნალი ერთ-ერთი მთავარი გმირის, ხუვენალ ურბინოს მამა, ავრელიუს ურბინოა. მას ეკუთვნის სანიტარულ-სტრატეგიული გეგმა და იგი პირადად მკურნალობს პაციენტებს. მალე ავრელიუსიც ეპიდემიის მსხვერპლი გახდება. ხუვენალ ურბინო, ასევე ექიმი, წლების შემდეგ, როცა იმდროინდელ ქრონიკას დაათვალიერებს, დარწმუნდება, რომ ცხონებული მამამისის მიერ „არასწორად გატარებულმა ღონისძიებებმა უფრო შეუწყო ხელი ეპიდემიის გავრცელებას. ყველაფერ ამას იმ შვილებისთვის დამახასიათებელი თანაგრძნობით აკეთებდა, რომლებიც ცხოვრებამ ნელ-ნელა თავიანთი მამების მამებად აქცია და პირველად დაწყდა გული, რომ მამის გვერდით არ იყო შეცდომების იმ მარტოობაში” (თეა გვასალიას თარგმანი).
ქოლერა და მამის სიკვდილი მთლიანად ცვლის ხუვენალის ცხოვრებას, იგი პარიზში, იმ დროის ყველაზე დიდი ეპიდემიოლოგისა და ჰიგიენისტის, ადრიენ აშილ პრუსტის (მარსელ პრუსტის მამის) მოწაფე ხდება და მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული გემბანიდანვე გრძნობს სახიფათო სიმყრალეს. ქოლერა ისევ ბრუნდება, ისევ აპირებენ ზარბაზნის თერაპიის გამოყენებას, რაზეც ახალგაზრდა ექიმი მარკესულ-პოლიტიკური შენიშვნით პასუხობს: „ეგ დენთი ლიბერალების მოსვლისთვის შეინახეთ”.
რაც მთავარია, მარკესთან ამ რომანის პირველი დიდი სიყვარული (მოგვიანებით მეორეც იქნება) ქოლერასთანაა დაკავშირებული. უფრო ზუსტად, კლინიკურ შეცდომასთან, დიაგნოზთან, რომელიც არასწორად დაუსვეს 18 წლის ფერმინა დასას, მის მომავალ მეუღლეს. ამიტომ, „ექიმი ხუვენალ ურბინო ხშირად იმეორებდა, რომ არანაირი აღელვება არ უგრძნია, როცა გაიცნო ქალი, ვისთანაც შემდეგ სიკვდილამდე უნდა ეცხოვრა. მაქმანიანი ღამის პერანგი, სიცხით ანთებული თვალები და მხრებამდე დაშვებული თმა ახსოვდა, მაგრამ ისე იყო შეშფოთებული კოლონიურ უბანში ეპიდემიის შემოჭრით, რომ ქოლერის ნიშნების ძებნაში გართულს, აყვავებულ გოგონასთვის ყურადღებაც არ მიუქცევია”.
ექიმი ხუვენალი, აქ რიეს მემკვიდრესავითაა, ალბერ კამიუს „შავი ჭირიდან”, პანდემიის ყველაზე დიდი და ამომწურავი მხატვრული მატიანედან, რომელიც ამავდროულად ნაცისტური ჯოჯოხეთის ცხადი მეტაფორაცაა. მახსოვს, „შავი ჭირი” (გასტონ ბუაჩიძისა და კოტე ჯავრიშვილის თარგმანი) 90-იანების დასაწყისში წავიკითხე, ჩვენი ჭირის გარიჟრაჟზე. ვერ ვიტყვი ჯერ „უცხო” წავიკითხე თუ „შავი ჭირი”. ალბათ „უცხო”, თუმცა დარწმუნებული ვარ, „შავი ჭირი” უფრო მეყვარებოდა. „უცხო” მაშინ ყველას პირზე ეკერა და მე მგონი „შავი ჭირით” დაავადებას ვამჯობინებდი.
რომანში ყველაფერი ვირთხით და ვირთხებით იწყება, მკვდარი ვირთხებით. ისინი პირველი დღეების განცვიფრებას ქმნიან და ეს განცვიფრება პირველი ადამიანის სიკვდილის შემდეგ პანიკაში გადაიზრდება. პრესა ხმას არ იღებს, არადა, როცა ვირთხები იხოცებოდნენ, განგაშის ზარს ცემდა. მაგრამ „ვირთხები ხომ ქუჩაში კვდებიან, ყველას დასანახად, ადამიანები კი თავიანთ სახლებში იხოცებოდნენ”. აქედან მოყოლებული უკვე ემზადება მთხრობელი, რომ მომხდარს „შავი ჭირი” დაარქვას, და ამასთან, თავისი განუმეორებელი ხმის პოვნასაც ცდილობს, თანამედროვე ლიტერატურისა და თუ გნებავთ ნარატოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხმისა, „დაფლეთილი და შეურიგებელი გულების მემატიანისა”. და გვეუბნება, რომ აი, უკვე ითქვა ეს სიტყვები, „შავი ჭირი” და სწორედ იმ დროში, რა დროც ორი სიტყვის წარმოთქმას დასჭირდა, კიდევ ერთი ან ორი ადამიანი მიემატა მსხვერპლთა რიცხვს. ასე დაუკავშირდა წამიერად ერთმანეთს წერის დრო და მოქმედების დრო, რითაც მთხრობელმა ხანგრძლივი სვლა დაიწყო ფინალური ტრიუმფისაკენ, უფრო სწორად, აღიარებისკენ, სადაც იგი თავად ბერნარ რიედ მოგვევლინება.
დაავადებული ქალაქი დახურულ ქალაქად ცხადდება და პირველ მოვლენად ადამიანთა განშორება იქცევა. საყვარელი ადამიანები შორდებიან ერთმანეთს. ხალხის ნაწილი ქალაქს ტოვებს, ნაწილი რჩება და ორივეს იმედი აქვს, რომ სულ მალე შეხვდებიან ერთმანეთს. ეს განშორება რომანის მთავარ თემად იქცევა. განშორება და ხალხი.
ჩნდება ახალი კანონები. ვინც დაბრუნდება დახურულ ქალაქში, უკან ვეღარ გავა. ადამიანები იწყებენ ერთმანეთის შემჩნევას, ზოგიერთი კაცი, სიყვარულში ზედაპირული, ცოლის დანახვას იწყებს, ვაჟები კი დედებს ამჩნევენ, ითვლიან მათ ყველა ნაოჭს. შეყვარებულები „ფიცხი ობიექტურობით” უყურებენ თავიანთ გრძნობებს, საკუთარ სისუსტეებს, იწყება „საყოველთაო მოკვეთილობა”, მარტოობის გაკვეთილები, სასოწარკვეთის შვება, რომელიც პანიკისგან იფარავს მათ. კინოთეატრები და კაფეები გადავსებულია, კაფეებში ჩნდება წარწერები: „ჭურჭელს აქ მდუღარეში ვავლებთ”. ეწყობა ერთობლივი ლოცვის კვირეულები, ხშირდება ქადაგებები, მამა პანელუ შავი ჭირის ღვთაებრივ წარმოშობაზე საუბრობს, ამბობს, რომ იგი ღმერთის მიერ მოვლენილი სასჯელია. წინასწარმეტყველებებიც გაიტაცებთ, ცხადია. ბობოქრობენ ცრურწმენებიც. და ბოლოს და ბოლოს მოხალისეთა პირველი ჯგუფებიც იქმნება, სანიტარული რაზმები – მთხრობელის აზრთა პირველი ძლიერი სამიზნე.
იგი თავიდანვე ხაზს უსვამს, რომ არ აპირებს ამ რაზმებს იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს, ვიდრე სინამდვილეში ჰქონდა. „თუ კეთილ საქმეს მეტისმეტად გავაზვიადებთ, ამით ჩვენდაუნებურად ხოტბას შევასხამთ ბოროტებას. საქმე ისაა, რომ ფიქრობენ, კეთილი საქმე ესოდენ ფასობს მხოლოდ იმიტომ, რადგან იგი იშვიათია და ადამიანთა მამოძრავებელი ძალა უფრო ხშირად სიბოროტე და გულგრილობაა. მთხრობელი კი არ იზიარებს ამ აზრს, ქვეყნად არსებული ბოროტება თითქმის ყოველთვის უვიცობითაა გამოწვეული და კეთილ ნებას თითქმის ისეთივე ზიანის მოტანა შეუძლია, რაც ბოროტებას, თუკი მას ცოდნის შუქი არ ეფინება”.
ახლადგამომცხვარი მორალისტები ამბობენ – დავნებდეთ, მუხლებზე დავიჩოქოთ. რიე, ტარუ და მათი მეგობრები პასუხობენ – ბოლომდე ვიბრძოლოთ, რაც ძალი და ღონე გვაქვს. და რაც მთავარია, ბრძოლის ეს ჭეშმარიტება აღტაცებას არ იწვევს, რადგან უბრალოდ, ლოგიკურია.
ქალაქში ხანძრები გახშირდება. კარანტინიდან დაბრუნებულები, „გლოვითა და უბედურებით გაგიჟებულები” თავიანთ სახლებს უკიდებენ ცეცხლს, იმ იმედით, რომ ცეცხლში შავ ჭირსაც ამობუგავენ. მალე ბევრი აცნობიერებს, რომ თავიდან სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდათ შავ ჭირზე. რიეც ფიქრობს, რომ ეს არაა ის შთამბეჭდავი სურათები, რასაც დასაწყისში ხედავდა, შავი ჭირი პირველ რიგში “ფრთხილი და უზადო ადმინისტრაციული მანქანა იყო, ჩინებული მცოდნე თავისი საქმისა”.
პრობლემები ჩნდება მეხსიერებაშიც. თავიდან კარგად ახსოვთ ისინი, ვისაც დაშორდნენ, დარდობენ, ნაღვლიანობენ, თუმცა წარმოდგენა უჭირთ. ვერ ხედავენ, რას აკეთებენ ისინი, წარმოსახვაში არ ჩნდება მათი სიცილი, ბედნიერი დღეები. მეხსიერება ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ წარმოსახვა გაქრა. შავი ჭირის მეორე ეტაპზე კი ქრება მეხსიერებაც. შესაძლოა საყვარლის სახე არ დავიწყებიათ, მაგრამ იგი უხორცოა, თავიანთი გულის სიღრმეში ვეღარ პოულობენ მას. ადრე ჩიოდნენ, აჩრდილების სიყვარულიღა შეგვრჩაო, ახლა კი გაირკვა, რომ აჩრდილებმაც კი რაღაც დაკარგეს, ფერი, ხორცი. ისინი ვეღარც ინტიმურ წამებს იხსენებენ, ერთად ყოფნას, ძალიან ახლოს ყოფნას. მათი სიყვარული გამოუსადეგარი გახდა, უმოქმედო, „სატარებლად მძიმე და უნაყოფო, როგორც დანაშაული ან სასჯელი”.
მათ ფეხი აუწყეს შავ ჭირს, მოერგნენ, შეეგუენ, გაუგეს მას. იტანჯებოდნენ, მაგრამ სიმწვავეს ვეღარ გრძნობდნენ. „ექიმი რიე, მაგალითად, თვლიდა, რომ ეს იყო უბედურება და რომ ჩვევად ქცეული სასოწარკვეთილება უარესია, ვიდრე თვით სასოწარკვეთა”.
რომანში მუსიკაც ისმის და ფეხბურთსაც თამაშობენ. ისმის Saint James Infirmary. ლუი არმსტრონგის? უფრო ძველი? რა მნიშვნელობა აქვს? ისმის „ორფევსი და ევრიდიკე”, გლუკის. ფეხბურთს რაც შეეხება, აქ უფრო ფეხბურთზე ოცნებაა, რადგან მინდორზე წითელი კარვებია გაშლილი, თუმცა ტრიბუნები ისევ ხალხითაა სავსე, ნატანჯი ხალხით. ტრიბუნების ქვეშ შხაპებია, გასახდელებში – სამედიცინო პუნქტები. ერთ-ერთი პერსონაჟი, გონსალესი სინანულით შენიშნავს, როცა არც მზეა და არც წვიმა, ასეთ ამინდში ფეხბურთის თამაშს არაფერი შეედრებაო და მალე თამაშსაც ნახავენ, სტადიონის გარეთ ბავშვები თამაშობენ ფეხბურთს.
ბოლოსკენ, როცა ხსნა მოახლოვდება, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. სტატისტიკა ამბობდა, რომ მალე ყველაფერი დასრულდებოდა, ხალხმა კი ამ დროს გაქცევა დაიწყო, ეჭვი და უიმედობა კიდევ უფრო გაიზარდა. ბევრს პანიკა იმის გამო დაუბრუნდა, რომ შიშობდა, როცა შავი ჭირი დამარცხდება, სწორედ მაშინ მოვკვდებიო. არადა, შავი ჭირი უკვე თავის ბუნაგს უბრუნდებოდა, ხალხი საზეიმოდ გარეთ გამოდიოდა, საზღვრები იხსნებოდა, პირველი მატარებელიც გამოჩნდა. ეს თებერვლის ერთ საუცხოო დილას მოხდა.
რომანში სულ მზარდი ენერგიით გრძელდება თხრობა. მთხრობელიც სულ უფრო ბასრი ხდება, პრონციპული, მოკამათე, თუმცა ბოლოსკენ სულ სხვა სათქმელი გამოდის წინ, რაღაცნაირი მწვავე, გულისგანმგმირავი ლირიკა. მძიმე მოგონებებით სავსე. ხალხი ქუჩებში დასეირნობს, შორიდან ისინი მართლაც მოსეირნეებს გვანან, მაგრამ სინამდვილეში მათ ვნება მოუძღვებათ წინ, იმ ადგილებს უბრუნდებიან, სადაც ყველაზე მეტად ენატრებოდათ საყვარელი ადამიანები. ისინი ჩამოსულებს შავი ჭირის ნაკვალევს აჩვენებენ, მის ცხად თუ იდუმალ ნიშნებს. „უწყინარი სიამოვნებით” ჰყვებიან ტანჯვის ამბებს, ტანჯვის ადგილას.
„მაშინ, ამ ადგილას, ისე გინატრე, ისე გინატრე, შენ კი არსად ჩანდი”.
„ჩურჩულისა და აღსარების კუნძულები” – ასეც უწოდებს მათ კამიუ.
რიე ბოლოს ყველაში რაღაც „საერთო გამომეტყველებას” ამჩნევს და მალე მთხრობელიც გვეტყვის, რომ ის თავად იყო რიე, ვინც ამ ყველაფერს ხედავდა. ის იყო „ობიექტური მოწმე”, ყველა ნახა, ყველა გაიცნო და თავი ვალდებულად ჩათვალა მოეთხრო ეს ყველაფერი. მოეთხრო თავშეკავებით, თუმცა არა გულგრილად, რადგან იგი მსხვერპლთა მხარეს იყო, ერთი წამითაც არ მოწყდა მათ, არცერთ ტანჯვაში და უბედურებაში არ მიუტოვებია ისინი. იგი ყველას მაგივრად ლაპარაკობდა, გარდა ერთისა.
კოტარის ამბავს აღარ მოვყვები, მხოლოდ ერთი ციტატით დავასრულებ:
„ეს ქრონიკა არ გამოდგებოდა საბოლოო გამარჯვების მაუწყებლად. ის მხოლოდ მატიანე გახლდათ იმისა, რაც უნდა მოემოქმედებინათ ადამიანებს, და კვლავაც უნდა მოიმოქმედონ, რათა შიშსა და მის მსახვრალ იარაღს წინ აღუდგნენ. როცა პირადი სატანჯველიც აწუხებთ, არც წმინდანებად ქცევა ძალუძთ და მაინც ეურჩებიან თავს დამტყდარ უბედურებას, მაინც ცდილობენ მკურნალებად იქცნენ”.
მკურნალმა, საკუთარი თავის თუ სხვების მკურნალმა, ყოველთვის უნდა უშველოს. უშველოს ცოდნის სინათლით.
ვაჟა ფშაველას ის პატარა მოთხრობა ხომ გახსოვთ? „ხოლერამ მიშველა”.
ხოდა იქნებ ჩვენც გვიშველოს.