„ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცის დედამ „ფორმულას” ჟურნალისტზე იძალადა”, – ამის შესახებ ინფორმაციასა და შემთხვევის ამსახველ კადრებს ტელეკომპანია „ფორმულა” ავრცელებს.
მათი თქმით, შემთხვევა 13 ივლისს მოხდა, როცა ჟურნალისტი სიუჟეტის მოსამზადებლად ბრალდებულის ოჯახში მივიდა.
დღეს, 15 ივლისს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება და აღნიშნავს, რომ „ფორმულას“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 13 ივლისს, ბათუმში, ბრალდებულმა ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობა განახორციელა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცს ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
40 წლამდე ასაკის კაცი ბათუმში 11 ივლისს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს.