„ფორმულას“ ჟურნალისტი, სალომე ბოკუჩავა დაზარალებულად ცნეს

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფორმულას ჟურნალისტს, სალომე ბოკუჩავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.

„ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცის დედამ „ფორმულას” ჟურნალისტზე იძალადა”, – ამის შესახებ ინფორმაცია და შემთხვევის ამსახველი კადრები ტელეკომპანია „ფორმულამ” 15 ივლისს გაავრცელა.

მათი თქმით, შემთხვევა 13 ივლისს მოხდა, როცა ჟურნალისტი სიუჟეტის მოსამზადებლად ბრალდებულის ოჯახში მივიდა.

15 ივლისს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ „ფორმულას“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 13 ივლისს ბათუმში ბრალდებულმა ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობა განახორციელა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

40 წლამდე ასაკის კაცი ბათუმში 11 ივლისს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს.