ხანდახან ისე ჩანს, რომ ყველაფერს აკეთებენ, არ მიიღონ სტატუსი - კუბილიუსი „ოცნებაზე"

პუბლიკა

ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობას ნამდვილად სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ფორმულასთან” საუბრისას აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა საქციელი ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ელიან ქვეყნისგან, რომელიც ისწრაფვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ეს არ არის პოლიტიკური, არამედ არის ჰუმანიტარული საკითხი – ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმედ იტანჯება ციხეში, ამიტომ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, მმართველ პარტიას, რომ გამოიჩინონ ჰუმანურობა, არ ვილაპარაკებ სამართლის პოლიტიზებაზე, მაგრამ საკითხი უბრალოდ ჰუმანიტარულია.

ვნახე, როგორ გაბრაზდნენ მმართველი პარტიის ლიდერები ჩვენი მიმართვის შემდეგ, მათ შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, ასევე, პრემიერ-მინისტრიც ძალიან გაბრაზდა ევროპარლამენტარებზე – ეს მათი მხრიდან არ მიკვირს, თუმცა ასეთი საქციელი ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ველით ქვეყნისგან, რომელიც ისწრაფვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობას ნამდვილად სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ხანდახან ისე ჩანს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, არ მიიღონ კანდიდატის სტატუსი, მათი ყოველდღიური ქმედებები, ოპოზიციის, მედიისა თუ უმცირესობების ჯგუფების მიმართ აჩვენებს, რომ თითქოს ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ ევროკავშირი, რომ არ მისცენ საქართველოს კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა კუბილიუსმა.