21 წლის ლაშა ჟღენტი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ გოგებაშვილზე პოლიციამ „ჩხრეკის მიზნით“ გააჩერა.
„მოინდომეს ზედაპირული გაჩხრეკა და მაგ დროს „ტრუსიც“ გამიწიეს. ვხვდები, რომ ზედაპირულად გაჩხრეკა შეუძლიათ, მაგრამ როცა „ტრუსი“ გამიწიეს, ვუთხარი, რომ ხელი გაეწიათ. თურმე სიტყვები „ხელის გაწევა“ პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა და პოლიციას ეგრე არ უნდა ვესაუბრო. [პოლიციის] მანქანაშიც მგუდავდნენ. მანქანაში რომ მტენიდნენ, ხომ არ დავეთანხმებოდი. მანქანაში რომ ჩამსვეს და ბორკილები დამადეს, მაქანაშიც მირტყეს თავში“, – უთხრა „მთავარ არხს“ ლაშა ჟღენტმა.
ლაშა ჟღენტთან ერთად, გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა მისი ძმაც. ლუკა ჟღენტი ამბობს, რომ „პოლიციელები იყვნენ აგრესიულები და მის ძმაზე ფიზიკურად ძალადობდნენ”.
„ჩემს ძმას რომ ამოწმებდნენ, სასქესო ორგანოზე შეეხნენ და [უთხრა, რომ] გაიწიე, რას მითათუნებ [ხელსო]. ამათ [პოლიციელებმა უთხრეს], შენ რა გონორზე ხარ, მაგის უფლება არ გვაქვსო… ახრჩობდნენ, ურტყამდნენ… იმის საშუალებაც არ გვქონდა, რომ ვიდეო გადაგვეღო… მეთქი, ჯიბეში რამე არ ჩაუდონ… ბებიაჩემიც მოვიდა მერე და ისიც 3 მეტრი აფორთხიალეს“, – ამბობს „მთავარ არხთან“ ლაშა ჟღენტის ძმა, ლუკა ჟღენტი.
ლაშა ჟღენტის დედა, სოფო გამცემლიძე ამბობს, რომ ამბის მედიით გაშუქების შემდეგ მას ტელეფონზე ურეკავენ და ეუბნებიან, რომ გაჩუმდეს. ის ამბობს, რომ მოითხოვა პოლიციის სამკერდე ჩანაწერებიც, თუმცა უთხრეს, რომ „ასეთი არ არსებობს”.
„იყო რამდენიმე ზარი ტელეფონზე, რომ ყველაფერი შეგვეწყვიტა. ოჯახის ახლობლებმა დარეკეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით და ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დარეკავს და ვის დაარეკვინებენ”, – ამბობს ის.
ცნობილია, რომ ლაშა ჟღენტის საქმით დაინტერესდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ახალგაზრდა კაცს უწყებაში დღეს გამოჰკითხავენ.