„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მისი პარტიის წარმომადგენლები „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატს ფრიდონ ინჯიას შეუთანხმდნენ.
მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტის წევრი, ზაზა გოროზია ფრიდონ ინჯიას ბიზნესპარტნიორია და 2021 წელს მისი თანაგუნდელების სასარგებლოდ მარტვილში „ნაციონალურ მოძრაობას“ კანდიდატები არ დააყენებინა. ეს კი იმით ახსნა, რომ ამით უმრავლესობაში მოვიდოდა ოპოზიცია. ინჯიას თანაგუნდელებმა კი საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს მხარი.
„ივანიშვილი არის ბედნიერი დღეს, როდესაც უყურებს ამ ადამიანებს იმიტომ, რომ იცის, ზაზა გოროზიასთან ერთად სამეგრელოში რა უნდა მოხდეს, რომელიც არს უახლოესი მოკავშირე ფრიდონ ინჯიასი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, აი ამ ბატონმა ზაზა გოროზიამ ფრიდონ ინჯიას უახლოესმა ბიზნესპარტნიორმა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები არ დააყენა რამდენიმე სოფელში. ადგილობრივ პარტიას (ენმ-ს) მოელაპარაკა და უთხრა, მოდით იქ, ფრიდონ ინჯიას პარტიის წარმომადგენლები დავაყენოთ და ჩვენ არ დავაყენოთო ჩვენი კანდიდატები. ჯამში, სავარაუდოდ, ჩვენ მეტნი ვიქნებით და საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციის იქნებაო.
დაუჯერეს და რა მოხდა? მართლაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი კანდიდატები არ დააყენა ინჯიასა და გოროზიას შეთანხმების საფუძველზე, ოპოზიციამ ჯამურად მეტი მანდატი მოიპოვა მარტვილის საკრებულოში, მაგრამ იმ ფრიდონ ინჯიას და ზაზა გოროზიას კანდიდატებმა, რომლებიც დეპუტატები გახდნენ, რა ქნეს პირველივე დღეს?! ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ „TV პირველის“ ეთერში.
ნიკა მელიამ ასევე პარტიის ახალი მენეჯმენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეებს დაშორდნენ. მელიას თქმით, მენეჯმენტში არიან ადამიანები, ვინც მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობენ და პარტია თავიანთი შემოსავლების გასაზრდელად უნდათ.
ხოლო ქართულ პოლიტიკაში არიან „მოოლიგარქო ტიპები“, რომლებიც ბიძინა ივანიშვილივით მოქმედებენ პოლტიკაში და ცდილობენ სხვების მოსყიდვას.
„არიან ადამიანები, ვისაც ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ როგორც მანკიერების დამარცხება კი არ სურთ, უბრალოდ სახელების და გვარების ჩანაცვლება სურთ და ხვალ და ზეგ სიამოვნებით გადაუსვამდნენ ხელს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს“, – განაცხადა მელიამ.
გადაცემის წამყვანის, ინგა გრიგოლიას შეკითხვის საპასუხოდ, გულისხმობდა თუ არა დავით კეზერაშვილს ნიკა მელიამ უპასუა, რომ „შესაძლოა, სხვებიც არიან“.