„ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, რუსეთი ოკუპანტი არაა“ | რას ამბობენ კრუიზით ჩამოსული რუსი ტურისტები

პუბლიკა

დღეს, გამთენიისას, რუსეთის ქალაქ სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემი – ASTORIA GRANDE ბათუმში ჩამოვიდა. გემს ჩამოყოლილი რუსი ტურისტების ნაწილი ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა და „ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირში ვართ“.

რუს ტურისტებთან ინტერვიუ ტელეკომპანია „ფორმულას“ და „მთავარი არხის“  ჟურნალისტებმა ჩაწერეს.

„თქვენთან ძალიან ლამაზი ბუნებაა. ბოტანიკური ბაღის სანახავად მივდივართ. ოკუპაციის შესახებ არ ვიცით… თქვენ ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, საკავშირო და არა ოკუპირებული… რუსეთი ოკუპანტი არაა, ჩვენ რა, თქვენი ოკუპაცია მოვახდინეთ? ჩვენ გეხმარებოდით… აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ. ისინი დახმარებას გვთხოვდნენ, თქვენ ხომ ტანკებით წახვედით იქ. მე ვიყავი აფხაზეთში და ვნახე სახლები, ყველას ფანჯრები ჰქონდა ჩამტვრეული, თქვენგან იყო დანგრეული… რუსეთი აფხაზეთს დაეხმარა თქვენგან გათავისუფლებაში…“ – ამბობს  რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე.

კიდევ ერთი რუსი ტურისტი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ საქართველო საბჭოთა კავშირია და რუსეთი ოკუპანტი არაა.

„1978 წელს  ვიყავით ბათუმში ბოლოს. ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ… არ ვიცით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ყველგან საბჭოთა კავშირია, რას ამბობთ, რუსეთი არ არის ოკუპანტი, საქართველო, ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი ქვეყანა, დიდი, ლამაზი, მე ძველი ადამიანი ვარ და იმ დროით ვცხოვრობ“, – ამბობს კიდევ ერთი ტურისტი.

რუსი ტურისტების ნაწილი მედიასთან ამბობს, რომ მიზანმიმართულად არ გააკეთებს კომენტარს ოკუპაციის შესახებ.


საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი – ASTORIA GRANDE რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია „Goodwin Shipping Limited-ის“ სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.