დაკავებამდე შსს-ს მაღალჩინოსანი დამემუქრა - ვის და რას უკავშირებს ლაზარე აროშვილი პატიმრობას

პუბლიკა

2023 წლის 22 მარტს მოსამართლე მაია ქოქიაშვილმა 27 წლის ლაზარე აროშვილი ძარცვასა და თავდასხმაში დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მასთან ერთად პატიმრობა შეეფარდა დავით აბრამიშვილსაც.

ბრალდების ვერსიით, ლაზარემ დაზარალებულებს ფული და ტელეფონი წაართვა. დაცვის მხარე ამბობს, რომ მოსამართლემ მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებები მიიღო მხედველობაში, არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები და არც ის გარემოებები, რომლებიც ბრალდების ვერსიას საეჭვოს ხდიდა.

ლაზარე აროშვილი თავის დაკავებას ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსთან, ჯონი კოშაძესთან მომხდარ უთანხმოებას უკავშირებს.

ლაზარე აროშვილი „თავისუფლების მონიტორთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ დაკავებამდე, ორი კვირით ადრე, ჯონი კოშაძესთან „შელაპარაკება“ ჰქონდა და კოშაძე მას დაემუქრა.

რა მოხდა?

„გაუგებრობა გვქონდა მე და განყოფილების უფროსს და მაგას ორ კვირაში ეს ამბავი მოჰყვა. ჩემს კორპუსთან არის მაღაზია და მანდ მოხდა რაღაცა, ფაქტი იყო და პოლიციის უფროსიც იქ იყო. უნდა დაეკითხათ ვიღაც, ის კი მე მელაპარაკებოდა. ვერ გაიგო სწორად ეს ყველაფერი. ჩემკენ ისე წამოვიდა, შენ ვინ ხარ და რატომ ელაპარაკებიო. რაღაც გაწევ-გამოწევა იყო, ასე რომ ვთქვათ. რაღაც კარგად არ იყო განწყობილი, ყოველ შემთხვევაში… ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რაღაც ასეთი მითხრაგანახებო, თუ რაღაც ეგეთი პონტი იყო“, – უთხრა „თავისუფლების მონიტორს“ ლაზარე აროშვილმა.

ლაზარე აროშვილი 2021 წლის იანვარს ამ ფაქტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დააკავეს. მისი დედა, რუსიკო კობახიძე „პუბლიკასთან“ დეტალურად ჰყვება, როგორ დაიწყო ლაზარესა და ჯონი კოშაძის „ამბავი“.

„ლაზარემ მითხრა, რაღაც ძარცვის ფაქტი მოხდა მაღაზიაშიო. ეს კოშაძე იყო მოსული და მოლარეს ჩვენების მიცემას აიძულებდაო. ამ გოგოს უთქვამს – არ ვიციო, ვერ გამოსძალა აღწერილობა, ეტყობა. მერე გარეთ ამ გოგოს ველაპარაკებოდი და კოშაძემ დამინახაო. შენ მაგ გოგოს იცნობ და მეთანამშრომლეო, ათქმევინე ვინ იყოო. მე ვუთხარი არა-მეთქი და თითი დამიქნია, მე შენ გიჩვენებ სეირსო“, – ამბობს რუსიკო კობახიძე „პუბლიკასთან“ ინტერვიუში.

დედა ამბობს, რომ ჯონი კოშაძე მის შვილს მეორედაც დაემუქრა, უკვე დაკავების დღეს, პოლიციის განყოფილებაში, თავის კაბინეტში – აქ ქურდი მე ვარ, მე შენ გიჩვენებ სეირსო”.

ლაზარეს დედა ფიქრობს, რომ „ეს იყო პირადი ბოღმა, და ჯონი კოშაძე ლაზარეს გადაეკიდა“.

მისი თქმით, საქმეში წარმოდგენილი ორი ე.წ დაზარალებულიც ლაზარეს უბანში „გამოგზავნეს“ და ბრალდებაც გამოიგონეს.

დედას ამ ეჭვს ისიც უმყარებს, რომ როდესაც ლაზარეს დაკავების მეორე დღეს, პოლიციის განყოფილებაში მისულს ერთ-ერთი დაზარალებულის, გიორგი გოგსაძის დედა დახვდა, ნახა რომ განყოფილებაში ის ყველას იცნობდა და კითხულობდა ჯონიკოს“, ჯონიკო არ მოსულაო“? – ასე იკითხა, ამბობს რუსიკო კობახიძე.

ჯონი (ჯურხა) კოშაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის IV სამმართველოს უფროსად 2020 წელს დაინიშნა. დღეს ის ხაშურის სამმართველოს უფროსია.

საგულისხმოა, რომ 2021 წლის იანვარში ბრალდებულები მეორე ინსტანციის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლომ კი გადაწყვეტილება 2 წლის თავზე მარტში გამოაცხადა.

ლაზარეს დედა, რუსიკო კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2 წლის თავზე დამდგარი განაჩენი უკავშირდებოდეს მის კრიტიკულ პოსტებს მთავრობის მიმართაც. მისი თქმით, განაჩენი საეჭვოდ დაემთხვა მარტის აქციებს. ამ პერიოდში, როგორც ამბობს, ის აქტიურად აკრიტიკებდა მთავრობას რუსული კანონის გამო, მისი ერთ-ერთი შვილი კი აქციების მონაწილე იყო.

განაჩენი დადგა 22 მარტს. ადვოკატი ამბობს ვინმეს, რომ არ დარეკა ქოქიაშვილისთვის, ესენი ჩასვიო, წარმოუდგენელი იყო ამ განაჩენის დადგომა. ვერ დავიჩემებ, მაგრამ უცნაურად დაემთხვა მარტის აქციებს. დილიდან საღამომდე მიწაში ვდებდი მთავრობასჩემი შვილი ძალიან აქტიურად დადიოდა აქციებზე“, – ამბობს რუსიკო კობახიძე.

რუსიკო კობახიძე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარია. ვაფიქსირებ დღევანდელი რუსული ხელისუფლების მიმართ ნეგატიურ განწყობებს, არ მგონია ისეთი ფიგურა იყო, რომ დამსაჯონ, მაგრამ უარსაც არ იტყოდნენ“, – თქვა მან ინტერვიუს ბოლოს.

ლაზარე აროშვილისა და დავით აბრამიშვილის საქმე სექტემბერში სააპელაციოში უნდა განიხილოს მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა. ლაზარეს დედა და ადვოკატი ბრძოლის გაგრძელებას ყველა ინსტანციის სასამართლოში აპირებენ, მათ შორის ევროპულ სასამართლოშიც.

რა მოხდა 25 იანვარს პეტრიწის ქუჩაზე?

ბრალდების მხარის ვერსიით გიორგი გოგსაძე და მირიან მეშველიანი პეტრიწის ქუჩაზე „გარაჟებთან სვამდნენ“, როდესაც ბრალდებულები მათთან მივიდნენ ჯერ ფული მოსთხოვეს. როდესაც „საკმარისი თანხა“ ვერ მიიღეს, შემდეგ ტელეფონი წაართვეს და ცემა დაუწყეს.

ბრალდებულები ძარცვას, ტელეფონისა და ფულის წართმევას უარყოფენ, რაც შეეხება დაპირისპირებას, სასამართლოს ეუბნებიან, რომ ჩხუბი მაშინ დაიწყო, როცა პეტრიწის ქუჩაზე დავით აბრამიშვილს უცნობი პირი, გიორგი გოგსაძე „უხეშად გამოელაპარაკა“. ლაზარე აროშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ გაშველების მიზნით გოგსაძეს ხელი დაარტყა.

41 წლის დავით აბრამიშვილი თავის ჩვენებაში ამბობს: „ცემითაც არ გვიცემია იმიტომ, რომ გაიქცნენ და მივეცით გაქცევის საშუალება“, ლაზარე კი ამბობს, რომ გოგსაძე აბრამიშვილმა გაუშვა ადგილიდან, რის შემდეგაც „10-15 წუთის შემდეგ იქ უკვე პოლიციის 3-4 ეკიპაჟი მივიდა“.

ამის შემდეგ ლაზარე, დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში გაჩხრიკეს, გოგსაძის მობილური ტელეფონი ჯიბეში ვერ უპოვეს, უპოვეს 2.20 ლარი.

ლაზარეს ადვოკატი, თემურ გოგსაძე ამბობს, რომ ჯერ ჩხრეკა ჩატარდა, დაზარალებულმა გიორგი გოგსაძემ კი მხოლოდ ამის შემდეგ მიუთითა ჩვენებაში, რა თანხა „წაართვეს“. ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლემ ეს გარემოება საყურადღებოდ არ მიიჩნია.

ადვოკატმა მოითხოვა ფულის კუპიურების ექსპერტიზის დასკვნის ჩატარებაც, რომელიც დაადასტურებდა ან გამორიცხავდა ამ შემთხვევაში დაზარალებული გოგსაძის დნმ-ს. ადვოკატის თქმით, ექსპერტიზა დანიშნულია, თუმცა მისი საქმეში წარმოდგენის საჭიროება პროკურატურამ ვერ დაინახა და დასკვნა არც მოსამართლე ქოქიაშვილს მოუთხოვია. დაცვის მხარე ამ დასკვნის შესახებ ინფორმაციის (რა ეტაპზეა, როგორ მიმდინარეობს) მიღებას 2 წელი და 6 თვეა ვერ ახერხებს. თემურ გოგსაძე არ გამორიცხავს, რომ დასკვნა არსებობს, თუმცა გადამალულია.  

სად იპოვეს ტელეფონი?

დაზარალებული გოგსაძე ამბობდა, რომ ტელეფონი მოჰპარეს. ეს ტელეფონი ვერ იპოვა პოლიციამ ვერც ლაზარეს და ვერც დავით აბრამიშვილის ჯიბეებში.

როგორც ირკვევა, ტელეფონი მოგვიანებით, ერთ-ერთმა პიროვნებამ (მიხეილ ჩუბინიძე) დაზარალებული გიორგი გოგსაძის ქურთუკში, დიდ დიღომში, იმ ადგილას იპოვა, სადაც გოგსაძე და მეშველიანი ლუდს სვამდნენ.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მობილური ტელეფონი იპოვა ლაზარეს „მეგობარმა“. ადვოკატიც და ლაზარეს დედაც ამბობს, რომ მიხეილ ჩუბინიძე ლაზარეს მეგობარი არ ყოფილა.

„ტელეფონი „დამნაშავეებს“ არ აღმოაჩნდათ. ის „დაზარალებულის“ ქურთუკთან ერთად ღამითვე უპოვია გამვლელს და დაუბრუნებია. გამომძიებელს ვკითხე: თუ ტელეფონი ვიღაცამ დააბრუნა, ჩემი შვილი რა შუაშია ტელეფონთან-მეთქი და მიპასუხა – „ეს ორი ადამიანი ადებს ხელსო“, – აცხადებს ლაზარეს დედა.

დაცვის მხარე მობილურზე თითის ანაბეჭდის ექსპერტიზასაც ითხოვდა. საქმეში პროკურატურამ არც ეს დასკვნა წარმოადგინა. ადვოკატს ინფორმაცია არც ამ ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით აქვს.

ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლემ დაუჯერა მხოლოდ დაზარალებულებს, მათ ჩვენებებს, მათ მონაყოლ ამბავს. რაც შეეხება, დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც ე.წ დაზარალებულებისგან განსხვავებულ ამბავს ჰყვებოდნენ, არ გაუთვალისწინებია.

ორი დაზარალებულის ორი იდენტური ჩვენება

ადვოკატმა „პუბლიკას“ საქმეში არსებული ჩვენებები გააცნო, მათ შორის ორი ე.წ დაზარალებულის ორი იდენტური ჩვენება, კოპირებული ამოცნობის ოქმები, რომლებიც ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო, დაცვის მხარისთვის კი საეჭვო გარემოება – ორი დაზარალებული პიროვნებებს ერთნაირი ტექსტით აღწერდნენ.

ადვოკატი თემურ გოგსაძე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ორი დაზარალებული ორი ერთი და იგივე პერსონაა, ორი ადამიანია, მაგრამ წყარო ერთია. ამოცნობაში მიცემული ჩვენებები არის გადაკოპირებული, სტილისტიკა, სასვენი ნიშნები“, – ამბობს გოგსაძე.

მისი თქმით, საქმეში მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებებია, სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

საეჭვო გარემოებები ადვკატისთვის:

  1. დაზარალებულების იდენტური ამოცნობის ოქმი;

  2. მობილურის და კუპიურების არდადებული ექსპერტიზის დასკვნა. „ეს [დასკვნა] გამორიცხავდა ამათ შემხებლობას, არ აღმოჩნდებოდა არც გენეტიკური პროფილი. თუ ტელეფონს შეეხნენ ამათი უნდა იყოს და ა.შ“, – ამბობს გოგსაძე.

  3. „კონკრეტულ თანხაზე დაზარალებულმა ჩხრეკის ჩატარების შემდეგ მიუთითა“.

მოსამართლე მაია ქოქიაშვილისთვის კი ეს გარემოებები არათუ საეჭვო, სანდოც კი აღმოჩნდა. ის გადაწყვეტილების მიღებისას, სწორედ პროკურატურის წარმოდგენილ მტკიცებულებებს დაეყრდნო.

რა მტკიცებულებები ჰქონდა პროკურატურას აროშვილისა და აბრამიშვილის წინააღმდეგ – რით იხელმძღვანელა მოსამართლემ?

პროკურატურის მთავარი მტკიცებულება საქმეში ბრალდებულების წინააღმდეგ სწორედ ორი დაზარალებულის ამოცნობის ოქმია, რომელიც იდენტურად არის შედგენილი. „თავისუფლების მონიტორი“ დაინტერესდა, რატომ არ წარმოადგინა პროკურატურამ საქმეში დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი მობილური ტელეფონისა და ფულის კუპიურების ექსპერტიზის დასკვნები, რაზეც პროკურატურისგან ასეთი პასუხი მიიღო:

„საქმეში არსებობდა ორი დაზარალებულის პირდაპირი ჩვენება, მათ მიერ ბრალდებულების ამოცნობის ოქმები, ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცება (ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რომელსაც დაზარალებულები მიუთითებდნენ) ბრალდებულის მეგობრისგან ამოღებული, ძარცვის შედეგად დაუფლებული მობილური ტელეფონი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა“.

სწორედ პროკურატურის ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოუტანა მოსამართლემ ბრალდებულებს განაჩენი.