ნარკოტიკები და მოხმარების ტენდენცია | რა შეიცვალა და რა ვითარებაა ახლა

ზოგად მოსახლეობაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება – კვლევა, რომელიც მოსახლეობაში ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გამოცდილებაზე იძლევა მონაცემებს. დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ მომზადებული კვლევა მოიცავს შედეგებს შემდეგ მიმართულებებზე: თამბაქოს, ალკოჰოლის, ფსიქოტროპული მედიკამენტების, არალეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ, ასევე აზარტულ თამაშებსა და სხვა საკითხებზე.

აღნიშნულ სტატიაში „პუბლიკა“ ფსიქოტროპული მედიკამენტებისა და არალეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ მონაცემებს მოუყრის თავს და წარმოვადგენთ შედარებას 2015 წლის შედეგებთან.

სანამ უშუალოდ კვლევის შედეგებზე გადავალთ, უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ავტორთა შენიშვნით, ვინაიდან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება საქართველოში სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებაა, შესაბამისად, კვლევის მონაწილეებმა შესაძლოა, რიგ შემთხვევებში დამალეს არალეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გამოცდილება.

ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებით მონაცემები გროვდება დროის სამი პერიოდის ჭრილში – ცხოვრების განმავლობაში მოხმარება, გასული ერთი წლის და გასული ერთი თვის მიხედვით.

ფსიქოტროპული მედიკამენტები

უახლესი კვლევით, ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა.

2022 წლის მონაცემებით, ცხოვრების განმავლობაში ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ მოხმარების პრევალენტობა 4.1% იყო; ბოლო 12 თვის განმავლობაში მისი მოხმარება აღნიშნა რესპონდენტების 2.1%-მა, ხოლო ბოლო 1 თვის განმავლობაში – 1.2%-მა.

2015 წელთან შედარებით, 2022 წელს გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა აღნიშნა ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება დროის ყველა პერიოდში (ცხოვრების განმავლობაში, ბოლო წელში და ბოლო თვეში).

კერძოდ, 2015 წელს 10.1% აცხადებდა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტი მოუხმარია ცხოვრების განმავლობაში, გასული წლის განმავლობაში – 7.9%, ხოლო გასული თვის – 4.9%.

კვლევის ავტორთა შეფასებით, ამგვარი შემცირება შესაძლოა, ნაწილობრივ გამოეწვია ბოლო წლებში ქვეყანაში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე რეგულაციების გამკაცრებას. მარეგულირებელი ჩარჩოს ცვლილებასთან ერთად, დაინერგა სარეცეპტო ელექტრონული სისტემა და გამკაცრდა ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვასთან დაკავშირებული რეგულაციები აფთიაქებისთვის.

კანაფი

2015 წელთან შედარებით, 2022 წელს ოდნავ გაიზარდა კანაფის მოხმარების პრევალენტობა.

გამოკითხულთა შორის ცხოვრების განმავლობაში კანაფის მოხმარება (მცენარეული კანაფი და ჰაშიში) იყო 20.9%, ბოლო 1 წლის განმავლობაში მოხმარების პრევალენტობამ შეადგინა 4.6%, ხოლო ბოლო 30 დღის განმავლობაში – 2%. ასაკობრივ ჯგუფებს შორის 25-29 წლის ახალგაზრდები უფრო ხშირად აფიქსირებდნენ კანაფის მოხმარების გამოცდილებას.

რაც შეეხება 2015 წელთან შედარებას, მაგალითად, ბოლო 12 თვის განმავლობაში კანაფის მოხმარების პრევალენტობა გაიზარდა 3.4%-დან 4.6%-მდე, ისევე, როგორც ბოლო თვეში მოხმარების პრევალენტობა – 1.2%-დან 2.0%-მდე.

კვლევის ავტორთა შეფასებით, არაა ცალსახა კანაფის მოხმარების აღნიშვნის გაზრდილი მაჩვენებელი დაკავშირებულია კანაფის მოხმარების გაზრდასთან თუ ლიბერალიზაციის შედეგად გამოწვეულ გულწრფელობასა და სენსიტიური ქცევის აღიარებასთან. 

კვლევის ავტორები იხსენებენ იმასაც, რომ 2015-2022 წლებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი ცვლილება გატარდა კანაფთან მიმართებით. 2017-2018 წლებში საქართველოს კონსტიტუციურმა სასამართლომ მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც შეიცვალა, როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული კანონმდებლობა, კერძოდ კი, გაუქმდა ადმინისტრაციული დაკავება და თავისუფლების აღკვეთა კანაფის მოხმარებაზე (გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ის ხდება საჯარო სივრცეში ან არასრულწლოვანების თანდასწრებით).

შედარებისთვის წარმოვადგენთ ევროკავშირში კანაფის მოხმარების მონაცემს. 2023 წლის მონაცემებით, 15-64 წლამდე ასაკობრივ ჭრილში ცხოვრების განმავლობაში კანაფის მოხმარება 29.3%-ია, ხოლო გასულ ერთ წელიწადში – 7.9%. კანაფის ყოველდღიური მომხმარებელი კი 1.3%-ია.

მინიმუმ, ერთი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება

2022 წელს, 2015 წლის კვლევისგან განსხვავებით, რესპონდენტებს დაესვათ შეკითხვა ცხოვრების, ბოლო 12 თვისა და ბოლო 30 დღის განმავლობაში, მინიმუმ, ერთი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებაზე. ესენია:

  • ფსიქოტროპული მედიკამენტები (ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება)
  • კანაფი (ჰაშიში ან მარიხუანა)
  • ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები (აფნ)
  • ინჰალანტები
  • ექსტაზი/MDMA
  • ლიზერგინის მჟავას დიეთილამიდი (LSD)
  •  სხვა ჰალუცინოგენები
  • კოკაინი/კრეკი
  • ამფეტამინები/მეტამფეტამინები
  • ანაბოლური სტეროიდები (ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება)
  • კუსტარული სტიმულატორები (ვინტი, ჯეფი)
  • მეტადონი (ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება)
  • ბუპრენორფინი (ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება)
  • ჰეროინი (მათ შორის „სირეცი“)
  • სხვა ოპიოიდები

კვლევის მონაწილეთა თითქმის ნახევარმა (48.9%) აღნიშნა ზემოთ ჩამოთვლილი ფსიქოაქტიური ნივთიერებიდან, მინიმუმ, ერთის მოხმარება ბოლო 30 დღის განმავლობაში, ხოლო 68%-მა – ბოლო 12 თვის განმავლობაში.

კვლევის მონაწილეთა თითქმის მეოთხედმა (23.4%) აღნიშნა ცხოვრების განმავლობაში ჩამოთვლილი 15 ნივთიერებიდან (ალკოჰოლის და თამბაქოს გარდა) მინიმუმ 2-ის მოხმარების გამოცდილება.

კუსტარულად დამზადებული სტიმულატორები

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ზოგადი მოსახლეობის გამოკითხვა არ აგროვებს საინიექციო და/ან ე.წ „მძიმე ნარკოტიკების“ შესახებ სანდო მონაცემებს (ამგვარი ქცევის ნაკლები სიხშირის გამო), თუმცა მათ მიერ მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში კუსტარულად დამზადებული სტიმულატორების მოხმარება შემცირდა.

ამასთან, მათ მოჰყავთ მონაცემები ნარკოტიკების ინიექციურ მომხმარებლებში ქცევაზე ზედამხედველობის კვლევიდან (BBSS 2022), რომლის მიხედვითაც, ბოლო 30 დღეში ვინტის მოხმარების  პრევალენტობამ შეადგინა 10%, როცა 2016 წელს იმავე კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენდა.

აღქმული რწმენები

კვლევის ფარგლებში, შეგროვდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იციან რესპონდენტებმა მათი უახლოესი სოციალური წრის მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თაობაზე. ყველაზე ხშირად დასახელდა კანაფი, ექსტაზი/MDMA და მეტადონი, სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან შედარებით, რომლებიც გამოკითხულ რესპონდენტთა აზრით (რწმენით), მათი სოციალური წრის 10 უახლოესი ადამიანიდან, მინიმუმ, ერთს მაინც მოუხმარია ბოლო 12 თვის განმავლობაში.

სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით მონაცემები იხილეთ ცხრილში.

2015 & 2022 წ. ზოგადი მოსახლეობის კვლევის ნივთიერებების ბოლო წელს და ბოლო თვეში მოხმარების პრევალენტობების შედარება:

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ზოგადი მოსახლეობის კვლევას+RRT მიდგომამ ზოგიერთ შემთხვევაში აჩვენა უფრო მაღალი მონაცემები, ვიდრე მხოლოდ სტანდარტულმა ზოგადი მოსახლეობის კვლევამ, ზოგ შემთხვევაში კი მოგვცა მონაცემები, რომლის მოპოვებაც ვერ შეძლო მხოლოდ სტანდარტულმა ზოგადი მოსახლეობის კვლევამ.

რა არის RRT?

RRT შინაარსი ემყარება იმ აზრს, რომ კვლევაში მონაწილე ზოგიერთმა რესპონდენტმა შეიძლება არ გასცეს სრულად ჭეშმარიტი პასუხი კვლევის სენსიტიურ კითხვებს არალეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ.

RRT-მეთოდოლოგია არის სენსიტიური ქცევის კვლევისთვის მოწოდებული ტექნიკა, რომელიც ამოწმებს გამოპასუხების ვალიდურობას და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების აღიარების სისწორეს/გულწრფელობას.

გრაფიკზე შეგიძლიათ იხილოთ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები და RRT-ის შედეგები:


მეთოდოლოგია: ზოგად მოსახლეობაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გავრცელება და მახასიათებლები ერთ-ერთია იმ ხუთი ძირითადი ინდიკატორიდან, რომლებიც ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მიერ  შემუშავდა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერაა აღიარებული.

აღნიშნული კვლევის ძირითადი მიზანია ვალიდური, სანდო და შედარებადი მონაცემების შეგროვება ზოგად მოსახლეობაში (18-64 წელი) ალკოჰოლის, თამბაქოს და არალეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მასშტაბების, გავრცელებისა და პატერნების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას და ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესს.

ზოგადი მოსახლეობის კვლევა „ალტერნატივა ჯორჯიამ” ჩაატარა მარკეტინგულ, სოციალურ და პოლიტიკურ კვლევით ორგანიზაცია „ტრაექტორიასთან“ ერთად. „ალტერნატივა ჯორჯიამ” ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით მოამზადა კვლევის დიზაინი, ინსტრუმენტი და ტრენინგ-მოდული ინტერვიუერებისთვის, ხოლო საველე სამუშაო განახორციელა „ტრაექტორიამ“ 2022 წლის 4 ივნისი-3 აგვისტოს პერიოდში.