არ მგონია, დაუყოვნებლივ რეაგირებას გავლენა ჰქონოდა ვინმეს გადარჩენაზე - სარჯველაძე შოვის სტიქიაზე

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მას არ ჰგონია, რომ შოვში სამაშველო ოპერაციის უფრო ადრე დაწყებით მეტი ადამიანი გადარჩებოდა.

„ვინც ასე, უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა. იქ ხომ არც ერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიც რამდენიმე საათის მოგვიანებით შეიძლება აღმოჩენილიყო დაღუპული და ა.შ.

გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ვხედავ ახსნას, როგორ შეიძლება ეს არგუმენტირებული იყოს, რომ, მაგალითად, 15 წუთში დაიწყებდი ძებნას თუ 1 საათში იმ მასის გათვალისწინებით, ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონოდეს პერსპექტივების თვალსაზრისით.

ვინც იმ წუთას იყო ისეთ ადგილას, სადაც აი, ამ მასამ არ დაფარა, ისეთი ადამიანი გადარჩა. თქვენ რომ გქონდეთ შემთხვევა, რომ, მაგალითად, იქ მატულობდა დროთა განმავლობაში რაღაც მასა და მომენტალურად რაც არ ჩამოწვა, ამ შემთხვევაში აზრი ექნებოდა ამ ლაპარაკს და ასე ხომ ნამდვილად აზრი არ აქვს?! იქ რაც მოხდა, იმ წუთებში რაც მოხდა, იქ დაუყოვნებლივ რეაგირებას მე არ მგონია, რომ გავლენა ჰქონოდა რომელიმე ადამიანის [გადარჩენაზე]“, – თქვა სარჯველაძემ.


რაჭაში, შოვთან 3 აგვისტოს ჩამოწოლილმა მეწყერმა და ღვარცოფმა კურორტზე მყოფი ადამიანების ნაწილი იმსხვერპლა.

მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მეექვსე დღეა მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მაშველებთან ერთად მუშაობენ პოლიციის დანაყოფები, კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვს და ინფრასტრუქტურის სამინისტროების თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.

მაშველებმა 8 აგვისტოს მონაცემებით 19 ცხედარი იპოვეს. ეძებენ დაკარგულებსაც.