ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა, ჭკუითა და გონიერებით უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით შინდისში გმირებისთვის პატივის მისაგებად ჩავიდა. მედიასთან კომენტარი მან კვლავ მიხეილ სააკაშვილზე გააკეთა და კიდევ ერთხელ უწოდა ყოფილ პრეზიდენტს მხდალი და მოღალატე.

„იცით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მტერს, მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა განცხდა, რომ აქედან მთელი დივიზიონი ებრძოდა, არადა, მხოლოდ 17 ადამიანი იყო. ეს არის სიმამაცისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის მაგალითი.

საუბედუროდ, სამწუხაროდ, ამავე დღეს, ეს ჩვენი სირცხვილია ამავდროულად, ამ გმირობის დღეს არნახული სიმხდალე აჩვენა ყოფილმა მთავარსარდალმა, ე.წ. მთავარსარდალმა.

2008 წლის 11 აგვისტოს გახსოვთ გაქცეული სააკაშვილი, თვითმფრინავის ხმის გამო. მას სტუმრად ჰყავდა ჩამოყვანილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ, როდესაც აქ ჩვენი გმირები თავს წირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მთელმა მსოფლიომ ის მიწაზე გართხმული, შეშინებული სახით ნახა.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი აი ეს ლომი ბიჭები, რომ იტყვიან, ლომების არმია იბრძოდა თავდადებით, თავგანწირვით, ამ დროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი“, – განაცხადა მან.

ღარიბაშვილის თქმით, ოკუპაცია მემკვიდრეობაა და საქართველოს მთლიანობა „ჭკუითა და გონიერებით“ უნდა აღადგინონ.

„რა თქმა უნდა, ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა, დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი არის ოკუპირებული დროებით,  მაგრამ ჩვენ ჩვენი ჭკუითა და გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ და აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. კიდევ ერთხელ, დიდება ჩვენს გმირებს. მათი ხსოვნის წინაშე ქედს ვიხრი“, – განაცხადა მან.