EU-ს გაფართოება აღარ არის ოცნება, დროა წინ წავიწიოთ - მიშელი

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს სლოვენიაში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება და ის ამისთვის უკვე მზად უნდა იყოს.

„ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს კავშირები და გახდეს უფრო ძლიერი. ამიტომ, სწორედ ახლაა დრო, რომ მოვაგვაროთ გაფართოების საკითხი ევროკავშირისთვის და მომავალი წევრებისთვის. დიახ, დარწმუნებული ვარ, ასე უნდა ვუწოდოთ ქვეყნებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ ევროპული პერსპექტივა.

კრემლი თავს ესხმის არამხოლოდ თავისუფალ და სუვერენულ უკრაინას, არამედ ყველაფერ იმას, რისიც გვჯერა: თავისუფლებას, დემოკრატიას, პროგრესსა და თანამშრომლობას. წინა წელს ივნისში კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ უკრაინასა და მოლდოვას, იგივე იქნება საქართველოსთვის, როდესაც ის დაასრულებს საჭირო ნაბიჯებს. ახლა გაფართოება აღარაა ოცნება, დროა წინ წავიწიოთ“, – თქვა მან.

მან ასევე თქვა, რომ ეს არ არის ხანმოკლე პროცესი, ამიტომ ევროკავშირი და მისი წევრობის მსურველი ქვეყნები გაფართოებისთვის 2030 წლისთვის  მზად უნდა იყვნენ.