ლაღიძის 12-ში ფასადური კედლის დანგრევასთან დაკავშირებით ზომებს მივიღებთ - მერია

პუბლიკა

მთაწმინდაზე, ლაღიძის 12-ში ისტორიული კედლის დანგრევასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა, თუმცა შეთანხმებული პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო შენობის ფასადური კედელი.

შეთანხმების მიუხედავად, სამშენებლო კომპანიამ, რომელიც უმრავლესობის დეპუტატის, ბეჟან წაქაძის შვილს ეკუთვნის, შენობასთან ერთად ეს კედელიც დაანგრია.

მერიაში ამბობენ, რომ პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა.

„დედაქალაქის მერია მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, იქნება ეს მშენებლობის შეჩერება, ჯარიმა თუ სხვა“, – ამბობენ მერიაში.

ინფორმაცია და შესაბამისი ფოტომასალა იმის შესახებ, რომ ისტორიული კედელი დაანგრიეს, ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა გაავრცელა.

„ეს შენობა ყველას გახსოვთ, ახლა ზაფხულია, ხეები ფარავს და შეიძლება ვერც კი შეამჩნიეთ,  ის აღარ არის, ასე უბრალოდ ერთ დღეში გაქრა. მფლობელმა ჯერ იყო და კბილებით გაიტანა პროექტი, რომელიც მხოლოდ სანაპიროს მხარეს არსებული კედლის შენარჩუნებას, უკან კი ახალი მოცულობის ჩადგმას ითვალისწინებდა. პროექტის დამტკიცებისას (რომლის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი) მთავარი არგუმენტი ეს შენარჩუნებული ძველი კედელი იყო, სულ გვამადლა და ძმრად გვადინა ამ „ძალიან ავარიული“ კედლის აღდგენა- შენარჩუნება. პროექტი გაინაღდა და… ერთ ღამეში უნებართვოდ, პროექტის დარღვევით! მძიმე ტექნიკით მთელი შენობა დაანგრია და ის კედელიც მიაყოლა.

მერე ზედამხედველობაც მივიდა, სავარაუდოდ, და ალბათ ჯარიმაც გადაიხადა. ასე 10-15 ათასი, ეს უკვე ამ ქალაქში ტრადიციაა. დაარღვევ, გადაიხდი, გააგრძელებ. რა პრობლემაა?! თუმცა, იმისთვის, რომ პრობლემა არ გაპრობლემდეს, კანონიც დაიკიდო, საკუთარი სიტყვა-დაპირებაც უნიტაზში ჩარეცხო, სასაცილო, სიმბოლური ჯარიმით ფონს გახვიდე „დიდი კაცი“ უნდა იყო. იკითხავთ ვინ არის ეს „დიდი კაციო”? – ის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ბეჟან წაქაძეა. ბატონი ბეჟანისთვის უნებართვო მშენებლობა არც პირველია ეს და, როგორც ჩანს, არც უკანასკნელი. ინგოროყვას 19-ში ისე დაამატა ერთი სართული, არავისთვის უკითხავს, დასჭირდა და რა ექნა? საქართველოს კანონმდებელს კანონის დარღვევა უკვე ჩვევად აქვს! გასდის და, რატომაც არა“, – წერს თამარ ამაშუკელი.