„ლელო“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პარალელურად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურიდან ინფორმაციას გამოითხოვს სახელმწიფო თვითმფრინავის კომერციულად გამოყენებასთან დაკავშირებით.
პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ თუ თვითმფრინავის ხარჯი ბიუჯეტიდან არ იქნა გაღებული, მაშინ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დააფინანსა სახელმწიფო თვითმფრინავის ჩარტერი.
„თუ ეს თანხა არ იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებასთან პრემიერის მხრიდან და შესაბამისად, იმის პარალელურად, რომ დღეს ვამზადებთ იმპიჩმენტის პროცედურას, ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია აღნიშნული ბორტით სარგებლობაზე.
დღეს ოფიციალურად მივმართავ ბატონ ჩუბინიძეს და მთელი რიგი შეკითხვები გაეგზავნება, რომელზეც კანონით ვალდებულია, გასცეს პასუხი.
- ვინ აანაზღაურა ის უზარმაზარი ხარჯები, რაც უკავშირდებოდა ღარიბაშვილის ოჯახის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავებას;
- გვაინტერესებს, ვინ გადაიხადა ღირებულება, ანუ ვინ არის პირი, რომელმაც სავარაუდოდ ქრთამი შესთავაზა პრემიერს;
- გვაინტერესებს, პირველად მოხდა თუ გასული 5 წლის მანძილზე იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც ღარიბაშვილმა ისარგებლა სახელმწიფო რესურსებით ოჯახის სასარგებლოდ, საკუთარი მიზნებისთვის.
ყველა ამ შეკითხვაზე საჭიროა უსწრაფესი პასუხი. მე მგონი, საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ღარიბაშვილი არის კორუმპირებული მექრთამე პრემიერი, მაგრამ ასევე გვჭირდება, ვინ მონაწილეობს კორუფციის მეორე მხარეში“, – განაცხადა სამადაშვილმა.
„ლელოს“ სურს, პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყოს. პარტია იმპიჩმენტის საფუძვლად კონსტიტუციის 48-ე მუხლს ასახელებს, რომელიც ითვალისწინებს, რომ თუ [ამ შემთხვევაში] პრემიერ-მინისტრის ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაძლებელია იმპიჩმენტის საკითხის აღძვრა. ამავე მუხლით, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საკითხს და დასკვნას პარლამენტს წარუდგენს. თუ საკონსტიტუციო დაადასტურებს ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს, პარლამენტი კენჭს უყრის იმპიჩმენტს.
გარდა ამისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ღარიბაშვილის მხრიდან შესაძლო თანამდებობის ბოროტად გამოყენების (სსკ 332-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და შესაძლო ქრთამის აღების მუხლებით (338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.