„ძირითადი გამოწვევები, რაც DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ გვხვდება, კლინიკიდან გაზრდილი ტარიფების გამოგზავნაა. ასევე, არის პაციენტების შეცდომაში შეყვანის, ან თანაგადახდის გაზრდის შემთხვევები. თუმცა, ასეთ ფაქტებზე, მკაცრი და დროული რეაგირება გვაქვს“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.
მისივე განმარტებით, სამინისტროს აქვს მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც დეტალურად აღირიცხება, რა სერვისებს აწვდის კლინიკები პაციენტებს.
„ამ სისტემით, შესაძლებლობა გვაქვს, ონლაინრეჟიმში, აღმოვაჩინოთ, თუ კი რაიმე დარღვევა დაფიქსირდება. ჩვენ ეფექტიანად ვაწარმოებთ კონტროლს იმ კლინიკებზე, რომელთა მხრიდანაც გარკვეული დარღვევები, ან გადაცდომები ფიქსირდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასეთი შემთხვევები, თანდათან, იკლებს.
DRG სისტემის ამოქმედებიდან დღემდე, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, რამდენიმე კლინიკას, საერთოდ შეუჩერდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი, ზოგიერთს კი, ნაწილობრივ შეეზღუდა გარკვეული სერვისების მიწოდების უფლება“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
მისივე განმარტებით, გამოვლენილი დარღვევების გამო, სამინისტროს მხრიდან გატარებული ღონისძიებები, პაციენტებისთვის, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით, არანაირ პრობლემას არ ქმნის.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ჯამში, 300-მდე კლინიკაა რეგისტრირებული. კლინიკები გაძლიერებული კონტროლის შემთხვევაში, მეტად მოტივირებულები იქნებიან, რომ ხარისხი გააუმჯობესონ და პაციენტს შესაბამისი სერვისი შესთავაზონ, რაც საერთო ჯამში, გააჯანსაღებს ჯანდაცვის სექტორს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც პროექტმა, 10 თვის შეჯამებისას, დადებითი შეფასება მიიღო“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.