კალაძე: სააკაშვილის ფრენებზე ფული ბიუჯეტიდან იხარჯებოდა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფრენისთვის ბიუჯეტიდან დახარჯულ ფულზე ლაპარაკობს.

პროსახელისუფლებო ტელეარხმა, „რუსთავი 2-მა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის პირადი ფრენისთვის მილიონობით ლარი იხარჯებოდა.

„რუსთავი 2“ ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ავიაკომპანია Georgian Airways-ს შორის დადებული იყო 24-მილიონლარიანი ჩარჩო-ხელშეკრულება. ასევე, თავდაცვის სამინისტროდან ფინანსდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ვიზიტები ან ისეთი ფრენები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან სააკაშვილისთვის მომსახურებების გაწევას უზრუნველყოფდა, უშუალოდ ყოფილი პრეზიდენტის დავალებით. ფრენებისთვის, რომელიც სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის განხორციელდა, ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გადახდილია 14 მილიონი ლარი.

თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

„არაერთხელ გვსმენია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები. პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტიდან თანხებს საყვარლებისთვის, შვილების სწავლის დაფინანსებისთვის, ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა, რომ მის ფრენებზეც არის დახარჯული თანხა. ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამით. ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი”. – თქვა კახა კალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ” მიხეილ სააკაშვილის ამ ხარჯებზე ლაპარაკი მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ ტვ პირველმა ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი შვებულების დროს პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. „TV პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად უფროსი შვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.

სიუჟეტში გასული ინფორმაციის მიხედვით, სამთავრობო რეისით წასული თვითმფრინავი 28 აგვისტომდე მიუნხენში დარჩა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.

საქართველოს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად გერმანიაში მისმა კომპანიამ წაიყვანა და დამკვეთი სამთავრობო დაცვა იყო.

12 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინიტრ ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის კომპანიას სახელმწიფოსგან 150 000 ლარი მიიღო, ამგვარი გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია მართლაც იძებნება შესყიდვების სააგენტოს საიტზე. თუმცა, როგორც ღვინის სააგენტო ამბობს, ეს ხელშეკრულება გაუქმდა.