პარლამენტის თავმჯდომარე “მთის ამბებს” თავს დაესხა და მის რედაქტორს, გელა მთივლიშვილს “თვითგამოცხადებული ჟურნალისტი” უწოდა.
“ჩვენ კრიზისულ სიტუაციაში ვნახეთ ჟურნალისტი, თვითგამოცხადებული ჟურნალისტი, რომელიც ტყუილის გავრცელებით პანიკას თესავდა მოსახლეობაში”. – თქვა პაპუაშვილმა.
“მთის ამბების” რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ამ კომენტარს თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ “მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სხვა ლიდერების ყოველი ასეთი განცხადება აუარესებს მედიის სამუშაო გარემოს და მას უფრო მეტად საშიშს ხდის”.
“ჩვენ არ შევდივართ პოლიტიკოსებთან პოლემიკაში, პოლიტიკოსებს ვამხელთ. შოვის სტიქიურ უბედურებაზე, პირველივე დღიდან და მერეც, საზოგადოებას ვაწვდიდით მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას.
ახლაც ვმუშაობთ საგამოძიებო ფილმზე. სახელმწიფო უწყებებისგან მრავალი ხელშეშლის მიუხედავად [შოვში არშეშვება; საჯარო ინფორმაციის დაბლოკვა; რესპონდენტების გაფრთხილება/დაშინება, რომ არ შეგვხვდნენ, უარი გვითხრან ინტერვიუზე; მუქარები], ფილმზე მუშაობას უახლოეს დღეებში დავასრულებთ. ეს იქნება ჩვენი პასუხი!”. – ამბობს გელა მთივლიშვილი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შალვა პაპუაშვილი და მმართველი პარტია “მთის ამბებს” თავს ესხმის – 9 აგვისტოს, შოვის მეწყრიდან 6 დღის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი ჩაატარა და მისივე თქმით, “მთის ამბების” და ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” ყალბი ამბები გააბათილა”.
“მთის ამბები” იყო პირველი, რომელმაც შოვის მეწყრის და რაჭაში არსებული მძიმე ვითარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამავე მედიამ გამოაქვეყნა ფოტოები ადგილიდან და ცნობა, რომ ადგილზე ადამიანები სასწრაფოდ შველას ითხოვდნენ. თუმცა, სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე მხოლოდ 3 საათის შემდეგ ჩავიდა.
3 აგვისტოს შოვში მეწყერმა 33 ადამიანი იმსხვერპლა. ნაპოვნია 32 ცხედარი, 1-ს – ჯერ კიდევ ეძებენ. შსს-ის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით კი, გარდაცვლილი არავინ იყო და ადგილიდან ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ იყო გადაყვანილი.
შალვა პაპუაშვილმა დღეს, 14 სექტემბერს “მთის ამბები” ჟურნალისტებთან მაშინ ახსენა, როცა OC Media-ზე ზეწოლის შესახებ კითხვებს პასუხობდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ გამოცემა OC Media-ს დონორებთან „უჩივლა“ – გამოცემამ 12 სექტემბერს განაცხადა, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მათ პაპუაშვილს წერილის გამოქვეყნებაზე უარი უთხრეს. OC Media-მ ასევე მიუთითა, რომ მათმა დამფინანსებელმა, მინიმუმ, ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა მიმართა.
OC Media-მ პაპუაშვილის ეს ქმედება თავისუფალ მედიაზე ზეწოლად შეაფასა, ისევე, როგორც – ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და მმართველ პარტიას მოუწოდა, შეწყვიტოს თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის დევნა და ხელი შეუწყოს თავისუფალი მედიის მუშაობასა და უსაფრთხოებას.