ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია - პაპუაშვილი

პუბლიკა

„ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია იმისთვის, რომ გაერკვეს, რაშია საქმე. ზოგადად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს რაც შეეხება, საქართველო ამ სანქციებს მიჰყვება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გვერდის ავლა არ იყოს დაშვებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.

„ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე სიაში შეყვანილია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობის გამო“. – წერია განცხადებაში.