მრავალფუნქციური ცენტრი ლაგუნასთან - რა რისკებს ხედავენ სპეციალისტები

პუბლიკა

ურბანული კვლევების ცენტრი გმირთა მოედანთან მრავალფუნქციური ცენტრის პროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს და იმ რისკებსა და საშიშრობებზე საუბრობს, რომელიც პროექტის განხორციელებით შეიძლება ქალაქს მიადგეს.

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ პროექტთან დაკავშირებული რისკები სათანადოდ არ არის გამოკვლეული. მათ მიაჩნიათ, რომ დაგეგმილი განაშენიანება ეწინააღმდეგება მდგრადი და მედეგი განვითარების პრინციპებს, საქართველოს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და სატრანსპორტო პოლიტიკის პრინციპებსა და ამოცანებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილი განაშენიანება არსებითად შეცვლის მთლიანად თბილისის ისტორიული ნაწილის სივრცით-გეგმარებით სტრუქტურას, მოსპობს ვერეს ხეობისა და მტკვრის სანაპიროს ღია და სარეკრეაციო სივრცეების შეკავშირების პოტენციალს და უარყოფით ზეგავლენას იქონიებს სატრანსპორტო მდგომარეობაზე.

„პუბლიკა” ურბანული კვლევების ცენტრის მიმოხილვას უცვლელად გთავაზობთ:

1. სათანადოდ არ არის გამოკვლეული პროექტთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი რისკები

გადაწყვეტილების მიღებისას მუნიციპალიტეტმა არაჯეროვნად გამოიკვლია და შეაფასა მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ბუნებრივი საფრთხეები და უგულებელყო გეგმარებითი დავალების ფარგლებში წარმოდგენილი კვლევების მონაცემები. მან არ შეაჯერა კერძო და საჯარო ინტერესი და კერძო ინტერესის სასარგებლოდ ასიმეტრიული გადაწყვეტილება საჯაროობის მინიმალური სტანდარტის დარღვევით მიიღო. რადგან გადაწყვეტილების მიღების პროცესი ფორსირებულ და დახურულ ვითარებაში წარიმართა, არც საზოგადოების ნაწილს მიეცა სხდომაზე დასწრებისა და პროექტთან დაკავშირებული რისკების შესახებ მათი არგუმენტაციის გაჟღერების საშუალება, ხოლო დამსწრე ექსპერტთა მოსაზრებები გადაწყვეტილებაზე მსჯელობისას სრულიად დაუსაბუთებლად იქნა უგულებელყოფილი.

ამ ფონზე, საგანგაშოა ბუნებრივ საფრთხეებთან მიმართებით გამოვლენილი ზერელე და გულგრილი დამოკიდებულება. როგორც ცნობილია, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკისა და საცურაო აუზ ლაგუნა ვერეს არეალი 2015 წელს მდინარე ვერეს წყალდიდობისას დაიტბორა. წინასაპროექტო კვლევა არ მოიცავს აღნიშნული წყალდიდობისა და შესაძლო რისკების თაობაზე სათანადო ინფორმაციას. წინასწარ საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევაში აღნიშნულ საკითხს ყურადღება არ აქვს დათმობილი. ხოლო, წინასაპროექტო კვლევის იმ ნაწილში სადაც მოცემულია საპროექტო ტერიტორიის ეკოლოგიური მონაცემები, მდინარე ვერეს თაობაზე წარმოდგენილია უკიდურესად მოძველებული და არასამეცნიერო ინფორმაცია. კერძოდ, შეუცვლელად არის გადმოტანილი 2010 წელს გაზეთ ნეტგაზეთში გამოქვეყნებული სტატია. დოკუმენტში ზოგადად არის ნახსენები, რომ ტერიტორიის ჩრდილოეთ საზღვართან მდინარე ვერეს მიწისქვეშა კოლექტორი გადის და დაცვის არეალები მომდევნო ეტაპზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში განისაზღვრება. ის, რომ საკითხი განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების ეტაპზე სათანადოდ შესწავლილი არ ყოფილა, მთავრობის 22 აგვისტოს #23.1252.1386 დადგენილებიდანაც ირკვევა. მუნიციპალიტეტი ღვარცოფისა და კოლექტორის შეზღუდვის არეალების დაცვას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრას განმცხადებელს შემდგომ ეტაპზე სთხოვს. სამომავლოდ არის მოთხოვნილი გარემოს ეროვნული სააგენტოს პოზიციაც და მათთან შეთანხმებული გენგეგმა კოლექტორის გაბარიტული ზომებისა და შეზღუდვის არეალების მითითებით.

ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტმა დასაშვებად მიიჩნია გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე ადგილას, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მშენებლობის განხორციელება ისე, რომ საწყის ეტაპზევე სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა რისკები (მათ შორის, კლიმატის ცვლილების კონტექსტში), ეწინააღმდეგება მდგრადი და მედეგი დაგეგმვის, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღების საკანონმდებლო პრინციპებს.

2. პროექტით დაგეგმილია 3 ჰა სარეკრეაციო ზონის გაუქმება, რაც უხეშად არღვევს ქალაქის გამწვანების პრინციპებს

საპროექტო ტერიტორია თბილისის ცენტრში, გმირთა მოედნის უშუალო სიახლოვეს, მდინარე მტკვრისა და ვერეს ხეობის შესართავთან მდებარეობს. იგი თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონაში ხვდება და მასზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმით სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი ვრცელდებოდა.

დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს 3.3 ჰექტრისთვის (33147 მ2) სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსის ცვლილებას მაღალი ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ით. ამასთან შენობების მხოლოდ 25% იქნება საზოგადოებრივ-საქმიანი დანიშნულებით გამოყენებული. დანარჩენი 75% საცხოვრებელი ფუნქციისთვის არის განკუთვნილი. დაგეგმილია არსებული ყოფილი სამრეწველო შენობების ნაწილობრივი შენარჩუნება და ორი 40 (170 მ.) და 52 (215 მ.) სართულის სიმაღლის შენობის განთავსება. პროექტით მაქსიმალურად ხდება ღია სივრცეების ათვისებაც.

მდებარეობის სპეციფიკისა და დაგეგმილი განაშენიანების მასშტაბური ხასიათის გათვალისწინებით, საპროექტო ტერიტორია არ შეიძლება განხილული იქნას განყენებულად. ის ვერეს ხეობისა და მტკვრის სანაპიროების ერთიან კონტექსტში უნდა იქნას შეფასებული. გმირთა მოედნის არეალში სხვადასხვა დროს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიუხედავად, ჯერ კიდევ რჩება ვერეს ხეობისა და მტკვრის სანაპიროს ღია და სარეკრეაციო სივრცეების შეკავშირების პოტენციალი. დაგეგმილი განაშენიანება მოსპობს მწვანე დერეფნის შექმნის შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა დედაქალაქში არსებული მწვანე სივრცეების დეფიციტისა და კლიმატის კრიზისის პირობებში.

აღნიშნული ასევე წინააღმდეგობაში მოდის დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „მწვანე ქალაქის“ პრინციპებთანაც. ამასთან, საპროექტო დოკუმენტაციით სარეკრეაციო ზონის სტატუსის ცვლილება გარდაუვალ მოცემულობად იქნა წარმოჩენილი ტერიტორიის „აქტიური სავალი ნაწილის მიჯნაზე მდებარეობიდან გამომდინარე“. მსგავსი დასაბუთება ცინიკურია და მხოლოდ მესაკუთრის კერძო ინტერესების გატარებას ემსახურება. მუნიციპალიტეტმა, თავის მხრივ, ეს დასაბუთება დასაშვებად მიიჩნია, უგულებელყო საჯარო ინტერესი და სარეკრეაციო ფუნქციის ცვლილებას უპირობოდ აუნთო მწვანე შუქი.

3. დაგეგმილი განაშენიანება საბოლოოდ გაანადგურებს თბილისის ისტორიულ ნაწილს

დაგეგმილი მშენებლობა თბილისის ისტორიულ ნაწილში მასშტაბური ვერტიკალური და უხეში ჩარევის მეორე და კიდევ უფრო მძიმე პრეცედენტი იქნება სასტუმრო ბილტმორის შემდეგ. იგი სრულიად შეცვლის არა მხოლოდ გმირთა მოედნის, არამედ მთლიანად თბილისის ისტორიული ნაწილის სივრცით-გეგმარებით სტრუქტურას და პანორამულ ხედებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ (მუხლი 38). აქვე საგულისხმოა, რომ პროექტის ავტორები უგულებელყოფენ საკუთარი საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში წარდგენილი ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის რეკომენდაციებსაც, რომლის მიხედვითაც ამგვარი ვერტიკალური განვითარება არ არის რეკომენდებული და ხაზგასმულია ახალი განაშენიანებისთვის იმგვარი მასშტაბის შერჩევა, რომელიც არ დათრგუნავს მომიჯნავე ობიექტებს (ცირკს, გმირთა მემორიალს და ა.შ.)

4. დაგეგმილი მშენებლობა პრობლემურია ტრანსპორტის კუთხით

საცხოვრებელი და საოფისე ფუნქციები განაშენიანების ფართთან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე მგზავრთინტენსიური ფუნქციებია, რომელიც ძირითადად პიკის საათში ერთდროულად ხორციელდება. მსგავს განაშენიანებას აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს შესაბამისი ინტენსივობის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უნდა ჰქონდეს კარგი საფეხმავლო კავშირი როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე სხვა ფუნქციებზე. სხვა შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ განაშენიანების მიზიდული და გენერირებული მგზავრობების დიდი წილი ინდივიდუალური მანქანით განხორციელდება, რაც არამარტო მერიის გაცხადებულ სატრანსპორტო პოლიტიკას ეწინააღმდეგება, არამედ ობიექტურად შექმნის პრობლემების მთელ კასკადს ქალაქისთვის.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ წინა საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში არ არის ხელმისაწვდომი არა თუ მაღალი დონის კვლევა, უფრო ზუსტი გათვლებითა და მოდელირების შესაბამისი პროგრამების გამოყენებით, რომელიც მსგავსი ინტენსივობისა და მდებარეობის პროექტის რისკებს სრულფასოვნად შეაფასებდა, არამედ ტრანსპორტზე ზეგავლენის წარმოდგენილი შეფასება ფრაგმენტულია და არ შეესაბამება აქამდე პრაქტიკაში დამკვიდრებულ მეთოდოლოგიასა და სტანდარტს. ამასთან, წარმოდგენილი ხარვეზული შეფასების საკმაოდ კონსერვატიული ანგარიშებიდანაც კი ნათლად ჩანს დაგეგმილი გადაჭარბებული ინტენსივობის განაშენიანების შედეგად მოსალოდნელი ახალი მგზავრობების მასშტაბი. თავის მხრივ, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ამ მონაცემებსაც უგულებელყოფს და #01232262998 წერილში/აქტში საპროექტო არეალისთვის შეუსაბამო ზოგადი და შაბლონური ტექსტით დასაშვებად მიიჩნევს დაგეგმილ განაშენიანებას.

საპროექტო არეალის მდებარეობიდან გამომდინარე მაღალი სამანქანო ნაკადი პრობლემაა არა მხოლოდ ზოგადად მანქანის მოხმარების ან ლოკალური შეფერხების გაზრდის მხრივ. გმირთა მოედანი და მარჯვენა სანაპირო საქალაქო მნიშვნელობის გამტარი არტერიებია. მარჯვენა სანაპირო, ქალაქის ჩრდილო-სამხრეთი მიმართულების მნიშვნელოვანი და უალტერნატივო გამჭოლი კავშირია, შესაბამისად, აღნიშნული გამტარი კვანძებისა და არტერიების გადატვირთვის ეფექტი მთელ ქალაქზე გავრცელდება.

წარმოდგენილი არგუმენტაცია ნათელს ხდის რისკებისა და საშიშროებათა მასშტაბს, რომელსაც გზას უხსნის თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება. მიგვაჩნია, რომ საზოგადოების მხრიდან გამოყენებულ უნდა იქნას ყველა შესაძლო სამართლებრივი გზა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაუქმებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული თბილისის უკვე მძიმედ დაზიანებული ურბანული და კულტურული სისტემის საბოლოო განადგურება”, – ნათქვამია განცხადებაში.