„მთავარი როლი რაც აქვთ, ესაა ისტერია, ესაა რადიკალიზმი“ - პაპუაშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებზე

პუბლიკა

პარლამენტში კულტურისა და სპორტის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენენ. მინისტრის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ტრიბუნასთან პლაკატი გაშალეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და მანდატურებს დეპუტატი ქალების დარბაზიდან გაყვანის მითითება მისცა.

ამ ინციდენტის შემდგომ, როცა სხდომა განახლდა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ „ასეთი სახით წარმოჩინდება ქალი პოლიტიკოსი ქართულ რეალობაში“.

„რა თქმა უნდა, ეს სამარცხვინო ინციდენტი არის და მე ძალიან ვწუხვარ, რომ განსაკუთრებით ქალი დეპუტატები გამოირჩევიან ყველაზე სამარცხვინო საქციელით, რაც კი შეიძლება იკადროს პარლამენტის წევრმა, ეს არის დისკრედიტაცია მათ შორის ქალის როლისა პოლიტიკაში, როდესაც მთავარი როლი, რაც მათ აქვთ მოსხმული ეს არის ისტერია, ეს არის რადიკალიზმი და ეს არის აბსოლუტური შელახვა ადამიანების ღირსებისა.

ვფიქრობ, რომ ეს ქალი დეპუტატები არიან, რომლებიც განსაკუთრებულად შეურაცხყოფენ, როგორც პარლამენტის მანდატს, ასევე ჩრდილს აყენებენ ქალის როლს პოლიტიკაში და მათი გამოისობით ხდება ისეთი აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ქალს პოლიტიკაში შეუძლია მხოლოდ ისტერიის მოწყობა და რადიკალიზმი. განმეორებით, რამდენჯერმე, ზუსტად  ეს ქალი დეპუტატები არიან ამაში ჩართული. აი, ასე ძალიან სამწუხარო რამ რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს პარლამენტში და ვწუხვარ, რომ კოლეგა მამაკაცები ვინც არიან სწორედ ამ ქალებს ამოფარებულები, იმდენი სითამამეც თვითონ არა აქვთ, როცა ამას გეგმავენ თვითონ მაინც გააკეთონ ან გვერდში დაუდგნენ, ან რამე უთხრან თუ არ ეთანხმებიან ამ ყველაფერს. ამ ყველაფერმა მიიღო ძალიან სამარცხვინო ხასიათი ოპოზიციაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სხდომის განახლების შემდგომ წულუკიანმა დეპუტატებს გამძლეობა უსურვა.

„ამ დარბაზში ცოტა ხანი ვიყავი. მქონდა პატივი და მახსოვს, მაგრამ დღეს კიდევ უფრო გამძაფრებულია ვითარება და მინდა, ყველას გამძლეობა გისურვოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.