ეროვნულ ბანკთან მიმდინარე აქციაზე ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვენ

პუბლიკა

საქართველოს ეროვნულ ბანკთან ნიკა მელიასა და პარტია „ლელოს“ ინიციატივით აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი არიან ადამიანები, რომლებიც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვენ.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაზე, ასევე. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. აქციაზე იმყოფება პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც.

„მოთხოვნა არის, რომ სასწრაფოდ შეიცვალოს მიღებული ბრძანებულება, თურნავა უნდა გადადგეს. ეს რაც უფრო გაიწელება დროში, საკმაოდ სერიოზული საფრთხე შეექმნება მთლიანად საბანკო სისტემას. საბჭოს რამდენიმე წევრი უკვე გადადგა, ეს ნიშნავს, რომ საბჭო უფუნქციო ხდება, მისი მართვა ვერ მოხერხდება თურნავას ხელმძღვანელობით, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არამარტო საზოგადოება, არამედ კომერციული ბანკები დაუპირისპირდნენ მის გადაწყვეტილებას, “- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ნიკა მელიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ პროცესის სახით, ბიძინა ივანიშვილს ერთგულებისა და ქვეყნის ღალატის ტესტი ჩააბარა.

„დღეს მთავარი ეპიცენტრი უნდა იყოს ყველა ის არენა, სადაც ქართველი ხალხის ხმა იქნება გაგონილი ისე, რომელიც აისახება სწორი გადაწყვეტილების დაგვირგვინებაში, იქნება ეს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველი, ნებისმიერი სხვა ქალაქი, სხვა მოედანი, პარლამენტი თუ ასე შემდეგ. მომავლის პერსპექტივა ამ მოღალატეობრივი ხელისუფლების პირობებში კვდება. ეს არის ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების ღალატი, “- ამბობს ის.

დღეს ასევე პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილისა და პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის” ორგანიზებით დაგეგმილია აქცია.