მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა - იუსტიცია

პუბლიკა

იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ აშშ-ს მიერ სანქცირებულ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტეს და შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნეს.

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან, “- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

15 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.