სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარმოდგენაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა უარი თქვა

პუბლიკა

პრეზიდენტი ამ ეტაპზე უარს აცხადებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარმოდგენაზე – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, როცა არ არის ნათელი საქართველოს ეროვნული ბანკი ქართველ ხალხს თუ კონკრეტულ პირებს ემსახურება, წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატები. კანდიდატებიც არ არიან კომიტეტზე წარმოდგენილნი.

სანამ არ გაირკვევა ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია, უარს ვაცხადებთ კანდიდატების წარმოდგენაზე“, – განაცხადა მან.

კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, რომ კანდიდატურები უკვე წარდგენილია და მათი გაწვევის მექანიზმი კანონში არ არსებობს. მისი თქმით, კომიტეტი უნდა ჩატარდეს და კანდიდატებზე დასკვნა მომზადდეს.

„ჩემი წინადადება იქნება, უარყოფითი იყოს [დასკვნა], დანარჩენს ცხოვრება გვაჩვენებს“, – თქვა მან.

კომიტეტის დღის წესრიგში მხოლოდ პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატურების განხილვა იყო.

გიორგი მსხილაძის თქმით, იმ ფონზე, როცა სებ-ში თანამდებობები დატოვეს ვიცე-პრეზიდენტებმა და მრჩეველმა, სანამ არ გაუქმდება ბრძანება ფარცხალაძისთვის სანქციის მოხსნაზე, მანამდე პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია კანდიდატების წარდგენა.

პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე „ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ გააკრიტიკა:

„რასაც ახლა ვისმენდით, ეს არის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონი არ ესმის და ვერ ერკვევა სიღრმეებში. წარმოდგენილია კანდიდატები და უკან გაწვევის მექანიზმი არ არსებობს.

პრეზიდენტმა ისევ, თავისი ურჩობით წარმოადგინა ორი კანდიდატი, რომელიც არ იყო კონსულტაციის შედეგად შერჩეული და თქვენ აპრიორი იცით, რომ კომიტეტის უმრავლესობა მხარს არ დაუჭერდა და რომ არ შერცხვეთ, უკან გაწვევის მექანიზმები აამუშავეთ და მესამე – მცდელობაა, საბოტაჟი შექმნათ საბანკო სისტემაში და არ გამოგივიდათ“, – თქვა მან.

საბოლოოდ, კომიტეტმა კანდიდატებს კენჭი უყარა და მხარი არ დაუჭირა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები 14 სექტემბერს წარუდგინა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდებს. საბჭოს კი მიმართავს, ბათილად გამოაცხადოს ნათია თურნავას გადაწყვეტილება, რომლითაც საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესი შეიცვალა და შედეგად, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში საბანკო ანგარიშები არ გაეყინება.

სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენისთვის ბოდიშიც მოიხადა და თქვა, რომ „ნანობს”.