კალაძე სალომე ზურაბიშვილს ნათია თურნავაზე ზეწოლაში ადანაშაულებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების შემსრულებელზე, ნათია თურნავაზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ნათია თურნავაზე. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის კონსტიტუციას იცავს, სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოს, კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონებს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმეა. არ ვიცი რა ჰქვია ამას. რაც გინდათ, ის დაარქვით.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, თუ როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან და დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუმცა, ყველაფერი დალაგდება და იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდებს.

საბჭოს კი მიმართავს, ბათილად გამოაცხადოს ნათია თურნავას გადაწყვეტილება, რომლითაც საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესი შეიცვალა და შედეგად, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში საბანკო ანგარიშები არ გაეყინება.

სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენისთვის ბოდიშიც მოიხადა და თქვა, რომ „ნანობს”.