პრეზიდენტი ელჩებს შეხვდა - შეხვედრაზე ფინანსური სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილეს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ფინანსური სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილეს.


14 სექტემბერს საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა. ამის შემდეგ აშშ-ის სანქციებთან შესაბამისობის მიზეზით ფარცხალაძეს შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნითაც. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესება კონსტიტუციას არღვევდა.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება შეცვალა. ფარცხალაძეს ეროვნული ბანკის სანქცია გაუუქმდება, რაც ნიშნავს, რომ მას საბანკო სერვისებზე წვდომა აღუდგება.