ენმ: მოძალადეების ნაცვლად, დააკავეს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, გლდანში დაპირისპირების დროს დააკავეს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. პარტია მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

ენმ-ში ამბობენ, რომ მათი პარტიის წევრების ნაცვლად სამართალდამცველებს უნდა დაეკავებინათ ის ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ ენმ-ს საკრებულოს წევრს ირაკლი ეძგვერაძეს.

„პოლიტიკური საქმიანობის, პოლიტიკური განცხადებებისა და კრიტიკული აზრის მიუღებლობის გამო თავს დაესხნენ ირაკლი ეძგვერაძეს. ეს არის ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, ღია და დაუფარავი ძალადოა. ამ აგრესიას მათში სიმართლის მოსმენის შიში იწვევს… მოძალადეების ნაცვლად ე.წ სამართალდამცველებმა დააკავეს ენმ-ს წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

დღეს, ენმ-ს საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს  საკრებულოდან დაბრუნების შემდეგ თავს დაესხნენ, როგორც თავად ამბობს, 30-ზე მეტი ადამიანი, კოტე ზარნაძის გარემოცვის წევრები. საკრებულოს წევრი მომხდარს სწორედ კოტე ზარნაძესთან საკრებულოში დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირებს და ამბობს, რომ „ეს გაგრძელებაა”.

არიან თუ არა ენმ-ს წევრები დაკავებულები ინფორმაციას „პუბლიკა” შსს-სთან აზუსტებს. პასუხის მიღებისთანავე, მალასა განახლდება.