ხვალ რომ საქართველოს სხვა მოქალაქე დაასანქცირონ, სახელმწიფო უნდა შეხვდეს მზად - მდინარაძე

პუბლიკა

„ხვალ რომ საქართველოს სხვა მოქალაქე დაასანქცირონ, ქართული სახელმწიფო უნდა შეხვდეს მზად ამ ყველაფერს და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

„კი ბატონო, სხვა ქვეყნებმა თავიანთ მოქალაქეებს მიხედონ. ცოტა უხეში ნათქვამია შეიძლება და მიხედავენ დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით ევროპული ცივილიზებული ქვეყნები. მათ მოქალაქეებზე მტკიცებულებებს არ ვთხოვთ და სანქციებზე მიერთებას ვახორციელებთ ფაქტობრივს, მაგრამ როგორც კი საქართველოს მოქალაქეს შეეხება, ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო ვალდებულია, მას მიუდგეს განსაკუთრებულ რეჟიმში და საქართველოს მოქალაქის მიმართ მოითხოვოს მტკიცებულებები”, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ შეაფასა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება, რომლითაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში გამონაკლისი დაამატა. ამ გამონაკლისის მიხედვით საქართველოს მოქალაქეს სანქცია დაუწესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

ბრძანებას წინ უძღოდა აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესება. ამის შემდეგ აშშ-ის სანქციებთან შესაბამისობის მიზეზით ფარცხალაძეს შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნითაც. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესება კონსტიტუციას არღვევდა.

„თუ ამ თემას გაატარებ, რომ ახლა მე პიარულად არ დავზარალდე მოტივით, ხვალ დაასანქცირებენ ვიღაცას. კვლავ გაატარებ, ზეგ ვიღაცას და და თუ გაჭრის ეს..“, – თქვა მდინარაძე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ფარცხალაძის შემდეგ ელის თუ არა ხელისუფლება სხვა მოქმედიაან ყოფილი მაღალჩინოსნის დასანქცირებას, მდინარაძემ უპასუხა, რომ:

„გამორიცხული არაფერი არ არის. ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს დე ფაქტო, ისე, რომ არც უთქვამთ და გამორიცხული არაფერი არ არის. ბიძინა ივანიშვილს 2 მილიონი დოლარი გაუჩერეს. აი ასე, უბრალოდ“.