მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ.-მა პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ არსებულ ვითარებას ეხება.
დოკუმენტში წერია, რომ რთულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, არწახის მოსახლეობის ფიზიკური უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფის პრიორიტეტიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილია შეუფერხებელი მგზავრობა ლაჩინის დერეფანში. 2024 წლის 1 იანვრამდე დაიშლება სახელმწიფოს დაქვემდებარებული ყველა დაწესებულება, იანვრიდან კი უქმდება „არწახის კონსტიტუცია” და ე.წ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს.
განკარგულების თანახმად, მოქალაქეები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ ემორჩილებიან აზერბაიჯანის მიერ დადგენილ პირობებს.
19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ მიზანია „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა რეგიონში, სომხური ჯარის განიარაღება და იძულება, დატოვონ ტერიტორია”.
24 საათში ომი შეწყდა – არწახის სეპარატისტული რეჟიმი დანებდა. სომხეთის პრეზიდენტმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არ აპირებს, იომოს.
მოსახლეობის ნაწილმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დატოვება 21 სექტემბერსვე დაიწყო. 120 ათასი ადამიანი, რომელიც არწახის სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, საცხოვრებელს ტოვებს.