ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი - ღარიბაშვილი ფარცხალაძის სანქცირებაზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარშემო „ჭიქაში ქარიშხალია ატეხილი“.

„ოთარ ფარცხალაძე ათ წელზე მეტია, აღარ არის საჯარო მოხელე. ათი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა დატოვა საჯარო სამსახური. მე მინდა გაკვირვება გამოვხატო, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება, გაუგებარია, ამოუხსნელია ჩემთვის. ღიად ვაფიქსირებ ჩემს აზრს. ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი.

საერთოდ, მე გეტყვით შემდეგ რაღაცას, რა: ეს არის მგრძნობიარე საკითხი. მე ერთი რამ მინდა განმასხვავებელი გითხრათ: ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ჩემს თვალში არის მოღალატე. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება, ისაა გამყიდველი და მოღალატე ადამიანი.

ჩემთვის და სახელმწიფო სამსახურებისთვის არ არის არც ერთი ფაქტი ცნობილი, რომ ფარცხალაძე ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს და სხვა ქვეყნის სასარგებლოდ რამე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი… ჩემთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების კომენტარების მოსმენა, ქვეყნის  გამყიდველებისა და მოღალატეების მოსმენა.

მოსამართლე რომ დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუფციის გამო მოხდა, ვინმემ ნახა მტკიცებულება? მე ფარცხალაძის ადვოკატი არ ვარ და არც სჭირდება ჩემი ადვოკატობა, მაგრამ აუცილებელია, ჩვენ ეს ბრმად არ მივიღოთ. გასაგებია ჩვენი პარტნიორის გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ მათთან გვაქვს ეს დისკუსია და კომუნიკაცია.

არასდროს არ მოუმართავთ ფარცხალაძის შესახებ არც ერთ სამსახურს აშშ-ის. მათ რომ გადაემოწმებინათ ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში.. ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ ფარცხალაძე რომ ოლიგარქი არ არის, ისიც ვიცით, გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე. როგორაა ფარცხალაძე ოლიგარქი? კაცი წასულია ხელისუფლებიდან 10 წელზე მეტია, აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია, რატომ აიღო პასპორტი, ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია, მაგრამ იმ პოლიტიკური ძალის განცხადებები, რომელთა ლიდერები დღესაც არიან რუსეთის მოქალაქეები, მაგალითად, კობა ნაყოფია, გრიგოლ ვაშაძე, რა გაქვთ თქვენ სალაპარაკო?!“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

15 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.