საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.
„პუბლიკა“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებით, როგორ აფასებენ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას, რამდენად საკმარისია ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა და როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ეს პრობლემა როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.
„პუბლიკის“ შეკითხვებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იურისტმა, თამარ გაბოძემ უპასუხა.
– თქვენი შეფასებით, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ბავშვთა სიღარიბის კუთხით? როგორ ცხოვრობენ ბავშვები და რამდენად დიდია ქვეყნისთვის ეს გამოწვევა?
– ბავშვთა სიღარიბე საქართველოსთვის კვლავ დაუძლეველი გამოწვევაა. ბევრი ბავშვია მოკლებული შესაძლებლობას, მიიღოს ხარისხიანი განათლება, მაგალითად, ჰქონდეს საჭირო წიგნები, სათამაშოები, სკოლაში საკვები და ასე შემდეგ.
ბავშვის უფლებათა კოდექსის თანახმად, სახელმწიფოს ევალება, ბავშვებს შეუქმნას ღირსეული ცხოვრების პირობები და იზრუნოს მათზე, შეიმუშაოს ოჯახის მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც არ უნდა იყოს ერთჯერადი, ეს უნდა გამომდინარეობდეს ოჯახის საჭიროებების შესწავლიდან და რა საჭიროებაც იქნება რელევანტური კონკრეტული ოჯახის გასაძლიერებლად, სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
თუმცა ოჯახის მხარდაჭერის პროგრამები, ფაქტობრივად, არ მუშაობს საქართველოში. ძალიან ბევრი ბავშვი იმყოფება მინდობით აღზრდაში და ეს სწორედ ბავშვთა სიღარიბეს უკავშირდება. არსებობს დავები, მათ შორის, PHR-ის მიერ წარმატებით დასრულებული, როდესაც სიღარიბის გამო ბავშვები გაიყვანეს ოჯახებიდან და გადაიყვანეს მინდობით აღზრდაში. სამწუხაროდ, ტენდენცია ისევ გრძელდება სახელმწიფოს მხრიდან და ბევრი ბავშვი რჩება სიღარიბეში. იმის მიუხედავად, რომ მათ აქვთ უფლება, იცხოვრონ ღირსეულად, ისინი ცხოვრობენ გაჭირვებაში, რაც ძალიან ბევრ სირთულეს და, ცხადია, უფლებების დარღვევას იწვევს.
– თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების პოლიტიკას ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით? რამდენად საკმარისია მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები?
– მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სოციალური პროგრამები, ეს არის ძალიან მცირე და მიმართულია მხოლოდ ფულად დახმარებაზე, რომელიც დათვლილია სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებული ქულებიდან. რეალურად, ეს ქულები არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ ბავშვის საჭიროებები გამოიკვეთოს. ასეთი პროგრამები [რაც დღეს არის] გრძელვადიანი და მრავალპროფილური არ არის, მხოლოდ ფრაგმენტულია მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რაც, რა თქმა უნდა, ბავშვებს ტოვებს სიღარიბეში.
იმ გასაცემელით [200-ლარიანი საარსებო შემწეობით] შეუძლებელია, უზრუნველყო ბავშვის საგანმანათლებლო და სამედიცინო საჭიროებები, შეუძინო სასკოლო ნივთები. შესაბამისად, უნდა დაიგეგმოს, კონკრეტულად რა არის საჭირო ბავშვების სიღარიბიდან გამოსასვლელად და სიღარიბის მინიმუმამდე დასაყვანად, უნდა შეიკრიბოს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელშიც ჩაერთვება ბევრი პროფესიონალი: ფსიქოლოგი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ბავშვის უფლებათა დამცველი, თავად ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები, რომლებიც განსაზღვრავენ სიღარიბის აღმოფხვრის გზებს. ამის შემდეგ სახელმწიფომ უნდა შექმნას პროგრამა, რომელიც იქნება გრძელვადიანი და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული. ასევე, რაც მთავარია, იქნება ქმედითი და რეალურად დაეხმარება ბავშვებს.
სოციალური შემწეობის გაცემით, სახელმწიფო, ფაქტობრივად, თითქოს ირიდებს პასუხისმგებლობას და რეალურად უფრო ფართოდ არ უყურებს, რა საჭიროება აქვს ბავშვს.
– როგორია თქვენი თვალთახედვა, როგორ უნდა დაძლიოს ქვეყანამ ბავშვთა სიღარიბე? კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში საიმისოდ, რომ პრობლემა აღმოიფხვრას?
– გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაიგეგმოს ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრის პროგრამები და განისაზღვროს, კონკრეტულად რა საჭიროებები აქვს ქვეყანას; რამდენი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში; რას გულისხმობს ზოგადად სიღარიბე; რამდენად შესაძლებელია, მაგალითად, რომ ყველა ბავშვი ან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული საჭიროებები, მოხვდნენ ამ პროგრამაში და ასე შემდეგ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ის გასაცემელი არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ასრულებს თავის ვალდებულებას.
აუცილებლად უნდა შეფასდეს ბავშვის უნიკალურობა. ეკონომიკური ზრდა და ზოგადი სოციალური ფონი, ცხადია, განმსაზღვრელია და ბავშვების უფლებებსა და მათ ოჯახებზე ეს გავლენას იქონიებს, მაგრამ, მაგალითად, ზოგიერთ ბავშვს არ ჰყავს ოჯახი, არ ჰყავს მშობლები. შესაბამისად, გაზრდილი სამუშაო ადგილები ამ ბავშვების შემთხვევაში შეიძლება ვერ იყოს მის უფლებებთან შესაბამისობაში და ვერ უზრუნველყოს ბავშვის საჭიროებები.
ძალიან კარგი იქნება, თუ შეიქმნება სამუშაო ადგილები და დასაქმების მაჩვენებელი გაიზრდება, მაგრამ ოჯახის მხარდაჭერის პროგრამა ნიშნავს კონკრეტული ოჯახის საჭიროებათა განსაზღვრას და ამ საჭიროებების დაკმაყოფილებას, რომლებიც არ უნდა იყოს ერთჯერადი და მხოლოდ ერთი პროფილის. მაგალითად, მხოლოდ ფინანსური გაძლიერება არ იქნება საკმარისი. უნდა განისაზღვროს, ხომ არ სჭირდება ბავშვს საგანმანათლებლო დახმარება, სამედიცინო საჭიროება ხომ არ აქვს და სხვა.
ასევე, არ არის გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებები და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ სახელმწიფოს მიერ, ფაქტობრივად, მივიწყებულები არიან შშმ ბავშვების მშობლები, რომლებიც ფიზიკურად ვერ ახერხებენ მუშაობას და ცდილობენ, ის მინიმალური რესურსი გამოიყენონ, რაც არსებობს და ბავშვები ატარონ, მაგალითად, დღის ცენტრებში. ეს მშობლები რეალურად რჩებიან სახელმწიფოს დახმარებისა და ყურადღების გარეშე. მათ გასაძლიერებლად სახელმწიფოს არანაირი პროგრამა არ გააჩნია, რაც, თუნდაც, ამ კონკრეტულ ჯგუფს, შშმ ბავშვებს, იმეტებს სიღარიბისთვის.
– სიღარიბის დაძლევის მოკლევადიან გზებს შორის, ერთ-ერთია სერვისების შეთავაზება უშუალოდ ბავშვებისთვის და მათ შორისაა, უფასო სასკოლო კვება. ამ ნაბიჯის რეალურად გადასადგმელად უკვე წლებია პოლიტიკური ნება არ არსებობს. თქვენი თვალსაზრისი როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენად მიგაჩნიათ უფასო სასკოლო კვება მნიშვნელოვნად?
– ერთ-ერთი კომპონენტი ნამდვილად არის სკოლებში ბავშვთა შიმშილი. დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ბავშვი სკოლაში საკვების გარეშეა, რადგან, ძირითად შემთხვევაში, ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, ბავშვს გაატანოს საკვები ან თანხა.
ძალიან მარტივი ამბავია, მე თუ არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სახლიდან ბავშვს გავატანო საკვები ან თანხა, ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლაშიც მშიერი იქნება ბავშვი და სახლში რომ დაბრუნდება, ისევ მშიერი დარჩება. შესაბამისად, სკოლაში უფასო კვება შესანიშნავი იდეაა და ბავშვებს ეს სჭირდებათ, თუმცა ეს იქნება იმ ვალდებულებებიდან მხოლოდ ერთი კომპონენტი, რაც ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება.
მხოლოდ საკვების უზრუნველყოფით სახელმწიფო თავს ვერ მოიწონებს და ვერ იტყვის, რომ აღმოფხვრა ბავშვთა სიღარიბე. იმიტომ არიან სკოლაში ბავშვები მშივრები, რომ ოჯახს ამის საშუალება არ აქვს და სკოლიდან 3 საათზე დაბრუნებული ბავშვი თუ ისევ მშიერი უნდა იყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ისევ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით.