ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის გახსნა დიდი ნაღმია ევროპული გზისთვის - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება – სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს.

მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, რუსეთი ოჩამჩირეში მუდმივ საზღვაო სამხედრო ბაზას განათავსებს.

რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ბჟანიამ განაცხადა, რომ შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ამასთან, „აფხაზეთში უკვე ჩასულია ძალიან თანამედროვე გემი სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით და უახლოეს მომავალში ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა განლაგდება“.