EU გამოხატავს შეშფოთებას ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით

პუბლიკა

ევროკავშირის წრამომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ, რომელიც ეხება შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნას.

„რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ.

თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის.

ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, “- ნათქვამია განცხადებში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, რუსეთი ოჩამჩირეში მუდმივ საზღვაო სამხედრო ბაზას განათავსებს.

რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ბჟანიამ განაცხადა, რომ შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ამასთან, „აფხაზეთში უკვე ჩასულია ძალიან თანამედროვე გემი სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით და უახლოეს მომავალში ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა განლაგდება“.