საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია ამბობს, რომ „საქართველოს ავიახაზებთან” მუშაობს, რათა 12 ოქტომბერს ისრაელიდან საქართველოში ავიარეისი დაინიშნოს, ვინაიდან ამ დრომდე არსებულ რეისებზე ყველა ბილეთი გაიყიდა.
„ბილეთების გაყიდვებს მიაქციონ ყურადღება ისრაელში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, ვისაც სურვილი აქვთ ისრაელიდან საქართველოში დაბრუნების. ინტერნეტიდან იქნება ბილეთების გაყიდვა.
აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თელ ავივიდან შეწყვიტეს ავიარეისები, საქართველო ინარჩუნებს ავიარეისებს. ევაკუასიის გადაწყვეტილება ისრაელის არც ერთი ქალაქიდან არ არის მიღებული. ისრაელში ყოფნა უსაფრთხოა, თუ დავიცავთ ისრაელის შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემულ ელემენტარულ წესებს”. – თქვა ლაშა ჟვანიამ.
ისრაელიდან საქართველოში მოქალაქეები ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს” ჩამოყავს. 11 ოქტომბრის რეისის ბილეთის ფასი, რომელიც სტანდარტულად 300-დან 500 ლარამდე მერყეობს, 2000 ლარს აღემატებოდა.
გუშინ, 9 ოქტომბერს ლაშა ჟვანიამ თქვა, რომ 8-ში თელ ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა. 9 ოქტომბრისთვის დანიშნული იყო 5 ახალი რეისი. თუმცა, დღეს, 10 ოქტომბერს თელ ავივის აეროპორტში მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ ერთ-ერთი რეისი გაუქმდა და არ იციან, როდის აღდგება ის.