„პატიმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა" — ინსპექტორ-კონტროლიორს ბრალი წარუდგინეს 

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის, დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი ამხილეს.

უწყების გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს, №10 პენიტენციურ დაწესებულებაში ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმარ გ.გ.-ს სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა, სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა და არ გადაამოწმა საკნის სააბაზანო ოთახში მყოფი მსჯავრდებული.

სპეციალიური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ამის გამო, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატიმარმა სააბაზანოში შეტანილი ზონრის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

უწყება აცხადებს, რომ საქმეზე გამოიკითხა 35 პირი, დათვალიერდა №10 პენიტენციური დაწესებულება და შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, ჩატარდა კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, მიკრონაწილაკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები, ასევე ამოიღეს ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობისთვის, სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.