პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივის.
ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, საქმე კობახიძის მიერ გავრცელებული „არასწორ და ცილისმწამებლურ განცხადებას ეხება, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს რეკეტის სქემების თანამონაწილე იყო”.
„შესაბამისად, მოთხოვნა არის ამ ცნობების უარყოფა, რომელსაც ირაკლი კობახიძეს სასამართლოს მეშვეობით ვთხოვთ. მოლოდინები ჯერ არ ვიცით, დღეს შევიტანეთ სარჩელი და ველოდებით მოსამართლეს. განსაზღვრავენ და ჩაბარდება ბატონ ირაკლი კობახიძეს სარჩელი“. – განაცხადა ზვიად კორძაძემ.
ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძის შესახებ ზემოთ ნახსენები განცხადება 10 სექტემბერს მაშინ გააკეთა, როცა „ლელოს“ ლიდერმა პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტი მოითხოვა. მოთხოვნა, თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ოჯახის წევრების აშშ-ში ჩარტერული რეისით გადაფრენას უკავშირდებოდა.