თევზაძე: პრეზიდენტმა, ხარვეზების მიუხედავად, თავდაცვის კოდექსს ხელი მოაწერა

პუბლიკა

პრეზიდენტმა თავდაცვის კოდექსს ხელი მოაწერა.

ამის შესახებ განცხადება დღეს სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, დავით თევზაძემ გააკეთა.

თევზაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება კოდექსში ხარვეზების მიუხედავად მიიღო.

„საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან ხარვეზების მიუხედავად, ის  აწესრიგებს ერთ-ერთ საზოგადოებისთვის ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას: ამიერიდან  სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს. ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებებში, ძირითადად, საყარაულო ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა“, – განაცხადა თევზაძემ.

თევზაძის თქმით, მუშაობაა საჭირო, რათა უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული სასულიერო პირების სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებული საკითხები.

„ამავე ტექსტში, გარკვეულწილად მოწესრიგდა სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის საკითხი, თუმცა, სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით, საჭიროა მუშაობის გაგრძელება, რათა მეტად გათვალისწინებული იყოს კონფესიებს შორის სასურველი თანასწორობის  პრინციპი“, – განაცხადა თევზაძემ.

პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე ისაუბრა საზღვაო თავდაცვის ძალებზე და მათთვის ყურადღების დათმობის საჭიროებაზე, ამასთან ხაზი გაუსვა ქვეყანაში მცირე რიცხვობრივი კონტიგენტის პრობლემას.

თევზაძისვე თქმით, არსებულმა მოცემულობამ, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით და რის გამოც გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედ უსაფრთოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, ამან კი შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას.