თავაძე საკონსტიტუციოზე: იმპიჩმენტი გამოუცხდეს საქართველოს ევროინტეგრაციას

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა თავაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გამოაცხადეს, „ივანიშვილის დავალებით” მიიღეს.

თავაძის თქმით, იმ 6 მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომლებმაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, „იმპიჩმენტი გამოუცხადეს არა პრეზიდენტის, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციას”.

„ჩვენ გვქონდა ჩვენი ეჭვები, რომ [ეს მოხდა]ივანიშვილის დავალებით, მიხეილ ჩინჩალაძის მეშვეობით, რომელიც ძირითადი პროვაიდერია ივანიშვილის სასამართლო სისტემაში. კობახიძის იქ გაგზავნით ველოდებოდით ზუსტად ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ 6 მოსამართლე არ მოიძებნებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის იმპიჩმენტისთვის. ვწუხვარ, რომ 6 მოსამართლე მოიძებნა. რაც შეეხება, იმ სამ მოსამართლეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს იმპიჩმენტს, მათ გადაწყვეტილებას უფრო დიდი ძალა ექნება, როგორც იურიდიულ წრეებში, ქართულ საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში, ვიდრე ამ ექვსის, რომლებმაც დააიმპიჩმენტეს არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის იმპიჩმენტს“, – თქვა ზაზა თავაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. გადაწყვეტილება მერაბ ტურავამ, საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ გამოაცხადა. მისივე თქმით, მოსამართლეთა კოლეგიის 3 წევრს ჰქონდა განსხვავებული აზრი.

„ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება 1 სექტემბერს გამოაცხადა. მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა წარდგინება, რომელშიც მიუთითა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, როცა შეხვედრები და ვიზიტები უცხო ქვეყნის ლიდერებთან, მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გამართა.