თამარ ბებუა ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას მდგომარეობა მძიმეა.
თამარ ბებუა ირაკლის ბიძაშვილია. „მთავარი არხის” ეთერში მან თქვა, რომ ოჯახი პატიმარს ბოლოს ტელეფონით, 2 თვის წინ ელაპარაკა.
„ის თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ ლაპარაკობს, არ უნდა, ოჯახი ანერვიულოს. მაგრამ გვყავს წყაროები, რომლებისგანაც ვიგებთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ის, ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში წევს და სძინავს.
მისი მძიმე ფსიქოლოგიური, დეპრესიული მდგომარეობა გამოიხატება იმაშიც, რომ არ აქვს სურვილი, გავიდეს საკნიდან, როცა ამისი შესაძლებლობა აქვს. არ გადის გასასეირნებლად. ამ ცნობებმა ძალიან შეგვაშინა”. – თქვა თამარ ბებუამ.
მისივე თქმით, ირაკლი ბებუას ყავს დედა და მამა და მშობლების ერთადერთი შვილია. ოჯახი თბილისში ცხოვრობს. თამარ ბებუა ამბობს, რომ ირაკლი გალში რამდენიმე წლის წინ მარტოდ დარჩენილი ბებიის მოსავლელად გადავიდა.
ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის დროშა დაწვა. ამით მან სოხუმში აფხაზეთის ომის 27 წლის საზეიმო ღონისძიებები გააპროტესტა.
დე ფაქტო მილიციამ ბებუას სახლი გაჩხრიკა და ბრალად ყუმბარის ფლობა დასდო, ე.წ სასამართლომ კი და 9-წლიანი პატიმრობა და 10 ათასი რუბლის გადახდა მიუსაჯა.
გარდა ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, რთულია ირაკლი ბებუას ფიზიკური მდგომარეობაც. მას აქვს ქრონიკული დაავადებები და გალში, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო, თითქმის 4 წელი ვერ იღებდა მისთვის აუცილებელ მკურნალობას.
თამარ ბებუას თქმით, ოჯახის აზრით, სახელმწიფომ ირაკლი ბებუას სახელი საერთაშორისო პლატფორმებზე საკმარისად არ გააჟღერა.