ღარიბაშვილი ფაშინიანს და ალიევს „გრძელვადიანი მშვიდობისთვის" თანამშრომლობას სთავაზობს

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მთავრობის მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა, მეზობელ და მეგობარ ქვეყნებთან – სომხეთსა და აზერბაიჯანთან იმუშაოს, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში.

„დღეს, მოხარული ვარ, რომ შემიძლია, ჩემს ორივე ძვირფას კოლეგას ვუმასპინძლო – პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და პრემიერ-მინისტრ ასადოვს. ზედმეტია იმის თქმა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას, ფართომასშტაბიან ფარგლებში რეგიონს და ასევე, ჩვენს ქვეყნებს დამსახურებულ კეთილდღეობას შესძენს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც  და აღნიშნა, რომ ამიერკავკასიის რეგიონს ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება.

„მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი – ასევე ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს, ამიერკავკასიას, სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე ასევე ისაუბრა საქართველოსთვის მშვიდობის ღირებულებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, 2012 წლიდან მოყოლებული, ახერხებს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფაა.

აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილს არ უსაუბრია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო საზღვაო ფლოტის მშენებლობაზე, რომლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, DRI-ის ინფორმაციით, სამი კვირაა დაწყებულია.  ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა.

თბილისში 26-27 ოქტომბერს აბრეშუმის გზის რიგით მე-4 ფორუმი იმართება, რომლის თემაა „დღევანდელი დაკავშირებულობა, ხვალინდელი მდგრადობისთვის“.