„თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მინდა, რომ ლაზარე პრეზიდენტმა შეიწყალოს" - გრიგორიადისის ბაბუა

პუბლიკა

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა გია კალანდაძე ამბობს, რომ ლაზარეს საქმე არის შეკვეთილი, „დავალება მოდის ზემოდან” და იმ შემთხვევაში, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ბაბუის სურვილია, რომ გრიგორიადისი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალოს.

„დავალება ზემოდან მოდის, ყველანაირად აზრი მიჩნდება, რომ ლაზარე შეკვეთილია. თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მინდა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს”, – თქვა გრიგორიადისის ბაბუამ.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე პროცესია დარჩენილი. მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარე საკუთარი მტკიცებულებების წარმოდგენას დაასრულებს. მხარეები განაჩენის გამოცხადებას ნოემბერში ელოდებიან.

დაცვის მხარის თქმით, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რაც ლაზარეს დანაშაულზე მიუთითებს, მოწმეები არიან მხოლოდ პოლიციელები, მათი ჩვენებები, რომელიც ადვოკატების შეფასებით, არ შეიძლება ჩაითვალოს ობიექტურ ჩვენებებად, რადგან შსს ამ საქმეში დაინტერესებული მხარეა.

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტში, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული. ლაზარე გრიგორიადისს ამ საქმეზე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 9-თვიანი ვადა ეწურება.

ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე 25 სექტემბერს სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა. საუბარია 2021 წლის საქმეზე, სადაც ლაზარე გირიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ.