169 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ევროკომისიას მიმართავს, „საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს”.
ორგანიზაციების განცხადებით, მათ აერთიანებთ საერთო მისია, დაიცვან და წარმოადგინონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, დაიცვან და დაამკვიდრონ ევროპული დემოკრატიული ღირებულებები.
მათი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება „ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, გარდა ამისა, ქართველ ხალხს დაეხმარება უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაციის მოლოდინშია. ხელმომწერ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაერთიანებს საერთო მისია – დავიცვათ და წარმოვადგინოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, დავიცვათ და დავამკვიდროთ ევროპული დემოკრატიული ღირებულებები.
ჩვენი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის, ურყევი არჩევანი და სასიცოცხლო ინტერესია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელშიც თითოეული მოქალაქე იცხოვრებს ღირსეულად – მშვიდობიან, შეძლებულ, თავისუფალ და სამართლიან სახელმწიფოში.
ამიტომაც, ჩვენ ვითხოვდით საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანას. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების დღიდან, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისაკენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეესრულებინა 12 რეკომენდაცია, რომელსაც უნდა გაეუმჯობესებინა საქართველოს მოქალაქეთა მდგომარეობა. დღეს ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სირთულეებს, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება, მაგრამ, ამავე დროს, ევროპული არჩევანი საზოგადოების მთავარ მისწრაფებად რჩება, რაც მოქალაქეებს ქმედითი სოლიდარობით აერთიანებს.
ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით საქართველოში უკეთესი დემოკრატიისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ და იმსახურებენ, და რომლის ღირებულებებიც დღეს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს აერთიანებს. 2023 წლის მარტში ჩვენ შევძელით გაგვეერთიანებინა ქართული საზოგადოება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც დიდი კედელი იქნებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. სწორედ ამ ძალისხმევით მოხერხდა ამ კანონის უკუგდება და ყველასთვის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი მომავალშიც მზადაა დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი.
ჩვენ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, დაეხმარება ქართველ ხალხს უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს.
მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს და, კონკრეტულად, ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს”, – წერია განცხადებაში.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინას EU-ს წევრობასთან დაკავშირებით ევროკომისიისგან დადებითი რეკომენდაცია აქვს. Reuters-ს ინფორმაცია წყაროებმა მიაწოდეს.
ევროკავშირში გაწევრების შესახებ დადებით პასუხს შეიძლება ახლდეს გარკვეული პირობები, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლას და უმცირესობების უფლებებს შეეხება. ეს საკითხი უნგრეთმა წამოჭრა.
ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, საბოლოო გადაწყვეტილება კი 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება.
მოსალოდნელია, რომ ანალოგიურად დადებით შეფასებას მიიღებს მოლდოვა.
ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ იღებს.
რაც შეეხება საქართველოს – ევროკომისიას ჯერაც არ მიუღია გადაწყვეტილება, მიანიჭოს თუ არა ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოსთან დაკავშირებით კი მისი „ევროპული პერსპექტივა” აღიარა. ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი დავალება მისცა.
საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების 15 სექტემბრის შეფასებით: ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია – ორი; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და კვლავ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია).