ვარჰეი კირბალში მკვლელობაზე: უნდა დავეხმაროთ საქართველოს, იპოვოს დამნაშავე

პუბლიკა

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი კირბალში რუსი ოკუპანტის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა. მან ამის შესახებ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. ვარჰეიმ თქვა, რომ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მთავრობას.

„დიახ, გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, საგანგაშო ამბავია, რომ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, უნდა დავეხმაროთ საქართველოს, იპოვოს დამნაშავე. ჩვენ სრულად ვუცხადებთ სოლიდარობას ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას”. – განაცხადა ვარჰეიმ.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, მეორე, ლევან დოთიაშვილი კი დააკავეს.

7 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის ადგილობრივი მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთებია ასახული. სავარაუდოდ, ვიდეო თავად გინტურის ან გატაცებული ლევან თოდიაშვილის ტელეფონითაა გადაღებული.

ვიდეოში ჩანს და ისმის, რომ თამაზ გინტურისთვის მიუღებელია რუსების მიერ ეკლესიის აჭედვა.

„ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის…” ამბობს ვიდეოში გინტური, ამის შემდეგ ის და მისი თანმხლები პირი, მოგვიანებით გატაცებული ლევან დოთიაშვილი კარს ხსნიან და ტაძარში შედიან.

„შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი” – ისმის ვიდეოში თამაზ გინტურის ხმა.