ოპერის თეატრის ტექნიკურმა პერსონალმა მორიგი აქცია გამართა | გაფიცვის მე-12 დღე

პუბლიკა

გაფიცვის მე-12 დღეს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალმა თეატრის ეზოში აქცია გამართა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაცია მზად არის მოლაპარაკებებისთვის. შეხვედრა 16 ნოემბერს არის ჩანიშნული.

მათი მოთხოვნები უცვლელია, ისინი ხელფასების 100%-იან ზრდას და გაფიცვის შეტყობინების მიღების შემდეგ, დამსაქმებლის მიერ ორი გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათი ანაზღაურება, დაახლოებით, 500 ლარია.

„მადლობა მოსვლისთვის და დაფასებისთვის. მე ვარ ერთ-ერთი გათავისუფლებული, უსამართლოდ გამომიშვეს. გათავისუფლების მიზეზს ვერ ვხედავ და ერთადერთი, რატომაც აქ ვდგავარ ის არის, რომ უნდა დააფასონ ჩემი მეგობრების შრომა. მე ვიცი, რომ აქ არ მიმიღებენ, სისტემა როგორც არის მოწყობილი არ მოეწონები, არ მიგიღებს, უბრალოდ გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს.

509 ლარი ისეთი თანხაა, მე კი არა, სკოლის მოსწავლეს არ ეყოფა. ცოტა თვალები გავახილოთ ხალხო, ოპერა, თქვენ გეუბნებით ამას“, – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.

ორგანიზატორები და ოპერის გაფიცული თანამშრომლები თეატრის სხვა თანამშრომლებს მოუწოდებენ, რომ მათ ბრძოლას შეუერთდნენ.


21-დღიანი მედიაციის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილი 3 ნოემბერს გაიფიცა.

ოპერის თეატრმა ამავე დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ხელფასების 100%-ით გაზრდა, რასაც გაფიცული თანამშრომლები მოითხოვენ, ამ ეტაპზე, მათ არ შეუძლიათ. მათი თქმით, ოპერის თეატრის ბიუჯეტი მომავალი წლიდან გაიზრდება და ხელფასებიც 35-40%-ით მოიმატებს.

პროფკავშირს შექმნილი აქვს საგაფიცვო ფონდი ტექნიკური პერსონალისთვის ფინანსური შემოწირულობების შესაგროვებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ „გაფიცვის პერიოდში გაფიცულებზე ეკონომიკური წნეხი იზრდება, რადგან ამ პერიოდში ისინი ხელფასს არ იღებენ“.