რა თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილზე - Le Monde-თან ინტერვიუ

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი Le Monde-თან ინტერვიუში ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრობს.

Le Monde-მა პრეზიდენტს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა ის, რომ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაში ბიძინა ივანიშვილს როლი აქვს, როგორც ეს პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი, როგორც პროევროპელის, პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაში, თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ საქართველოს გზის დაჩქარებაში.

„შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე“, – ამბობს ის.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ 2018 წელს „ოცნების“ მხარდაჭერის გარეშე მას, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, არ ჰქონდა გამარჯვების ბერკეტი.

„[ივანიშვილი] რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც ,,ქართული ოცნების“ წევრი მმართველები“, – თქვა პრეზიდენტმა.

შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ზურაბიშვილი ივანიშვილს ოლიგარქად, პრეზიდენტი ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გარდა სხვა ოლიგარქი არ არის.

„მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის.

პასუხი დეოლოიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებშია. ოცდაათი წელია ჩვენ ხელისუფლების ერთპარტიულ სისტემაში ვართ. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით“, – აცხადებს პრეზიდენტი.

ამავე ინტერვიუში ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას სამი წელია, ივანიშვილთან კონტაქტი არ ჰქონია.

„ორწელიწად-ნახევარი, სამი წელია, მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. საგარეო პოლიტიკის გარდა, სხვა საუბარი მასთან არასდროს მქონია. როდესაც ევროკავშირში მოგზაურობიდან დავბრუნდი, მივედი ჩემი მოსაზრების გასაზიარებლად, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე რეალური დიალოგი. არავინ იცის, ის რას ფიქრობს“, – ამბობს ის.

Le Monde-ის შეკითხვაზე, არის თუ არა ივანიშვილი რუსული გავლენის ქვეშ, ზურაბიშვილი განმარტავს, რომ „ოცნების“ დამფუძნებელმა ქონება რუსეთში დააგროვა და მისი წარსული გამოცდილება მის მენტალიტეტზე გავლენას ახდენს. პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ივანიშვილისთვის წარმოუდგენელია რუსეთის ომში დამარცხება და მისი ეს პოზიცია გავლენას ახდენს „ოცნების“ სხვა ლიდერებზეც.

„ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოსცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც  ცდილობს, წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული იყოს. მისი გავლენით, ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახლაგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ. ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა“, – ამბობს ზურაბიშვილი.