კომპანია „GASA-ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსმა” კორონავირუსის გამო საქმიანობა ამ ეტაპზე სრულად შეაჩერა, თანამშრომელთა დიდი ნაწილი სამსახურიდან გაუშვა, დანარჩენ ნაწილთან საქმიანი ურთიერთობა დაპაუზებული აქვთ.
„არიან თანამშრომლები, რომელთა დაბრუნებაც არ იგეგმება, არიან თანამშრომლები, რომელთანაც ურთიერთობა დაპაუზებული გვაქვს და დაბრუნდებიან იმ წამსვე, რა წამსაც სამუშაო აღდგება. ჯერჯერობით, გაურკვეველი ვადით, ჩვენ საერთოდ არაფერი საკეთებელი არ გვაქვს ამ ბიზნესში… ბიზნესი აღარ არის, მორჩა. როდის აღდგება არავინ არ იცის და საქმეც არ იყო საკეთებელი“, – აცხადებს „პუბლიკასთან“ საუბრისას კომპანიის დირექტორი გიორგი შენგელია.
რაც შეეხება ხელფასების გაცემას, „გასას“ დირექტორი ამბობს, რომ „ვინც რა გამოიმუშავა, ყველას სრულად ჩაერიცხება თანხა და არავის არაფერი დააკლდება“.
მისივე თქმით, რჩებიან თანამშრომლები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ, რაც მათი კეთილი ნებაა.
„ყველა თანამშრომელი, რომელიც დისტანციურად მუშაობს, კომპანიას გვერდში უდგას და მუშაობენ უხელფასოდ, რადგან კომპანიამ ეს პერიოდი გადაიაროს“, – აცხადებს ის.
გუშინ, 17 მარტს „გასა“ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ facebook-შეტყობინებაში წერდა, რომ:
„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ორგანიზაციაში დროებით შევაჩეროთ საქმიანობა, მანამდე, სანამ ამ ვირუსის საფრთხე გადაივლის და ქვეყანა ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას დაიწყებს.
ამ პერიოდში კომპანია ვერ შეძლებს შრომის ანაზღაურების გადახდას. 18 მარტის ჩათვლით დარიცხული ხელფასები და გამომუშავებები ჩაირიცხება შეუფერხებლად. შემდეგ გადავდივართ ამ უხელფასო რეჟიმში”, – ვკითხულობთ წყაროს მიერ მოწოდებულ შეტყობინებაში.
„პუბლიკის“ წყარო ჩვენთან საუბრისას 5 მარტის კრებას იხსენებს, სადაც, მისი ინფორმაციით, თანამშრომელთა 60% სწორედ ამ დღეს გაათავისუფლეს.
„წარმოიდგინეთ, შედიხარ კრებაზე და გეუბნებიან – მორჩა, ხვალიდან აღარ მოდიხარ. ერთადერთი ის იყო ნორმალური, რომ ხელფასები იმ დღესვე ირიცხებოდა და გათავისუფლებულ თანამშრომლებს დრო ექნებოდათ, რომ ალტერნატიული სამსახური ეშოვათ”, – ამბობს რესპონდენტი.
ის „პუბლიკასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ თანამშრომლების გათავისუფლების შემდეგ (5 მარტი), დარჩენილი თანამშრომლების ხელფასებიც 20%-ით შემცირდა. ხელფასის 20%-ით შემცირებას კომპანიის დირექტორი არ ადასტურებს.