თუ მოქირავნე ქირას არ გადაიხდის, აღსრულება გამოასახლებს - მინისტრი ახალ კანონპროექტს აანონსებს

პუბლიკა

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ბინის ქირავნობის შემთხვევაში მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, ხელშეკრულება დაარეგისტრირონ საჯარო რეესტრში. იმ შემთხვევაში, თუ მოქირავნე ბინის ქირას არ გადაიხდის და ხელშეკრულების პირობებს დაარღვევს, მას აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

ამის შესახებ მინისტრმა საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში მოსმენის დროს ისაუბრა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის შეკითხვის საპასუხოდ ბრეგაძემ განაცხადა, რომ არის შემთხვევები, როცა მესაკუთრე ბინას აქირავებს, მას არც ქირას უხდიან და არც იქიდან გამოდიან სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ეს კი საკუთრების უფლების დარღვევაა.

„მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას, არ გადაიხდის ქირას, მის გამოსახლებას განახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. ამ შემთხვევაში დაცული იქნება მესაკუთრის უფლებები, ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და მხარეები იქნებიან წინასწარ შეთანხმებულები.

თუკი მხარეები გადაწყვეტენ, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულება დაარეგისტრირონ საჯარო რეესტრში, ისინი იქნებიან დაცული და მათი საკუთრების უფლება იქნება ქმედითად რეალიზებული. ინიციატივას პარლამენტს ცოტახანში წარმოგიდგენთ“, – განაცხადა ბრეგაძემ.